9 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. რა ფაქტორებმა იმოქმედეს, შემოსავლების ზრდაზე და რამდენად გრძნობს შემოსავლების ზრდას თავად სექტორი, ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა.
შოთა ბურჯანაძის თქმით, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოში სამივე აეროპორტში დამატებულმა და განხორციელებულმა პირდაპირმა ფრენებმა, აზიის, ევროპის და არაბული ქვეყნების მიმართულებით. ასევე როგორც შოთა ბურჯანაძე ამბობს, კოვიდის შემდგომ გაიზარდა დაინტერესება ისეთი ქვეყნების მიმართ როგორიც საქართველოა, შემოსავლების ზრდის კიდევ ერთ ფაქტორად კი შოთა ბურჯანაძე ასახელებს იმას, რომ იმატა ბარათით გადახდებმა, რაც შემოსავლების უკეთ აღრიცხვას უწყობს ხელს.
შოთა ბურჯანაძე სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ რუსი მიგრანტები თავად აწყობენ უკვე ტურებს და ჩამოსულ რუსებს დაბალი ხარისხის სერვისს დაბალ ფასად სთავაზობენ, მათი პირობების დათანხმება უწევთ გარკვეულ კვების ობიექტებსაც, რაც მთლიანობაში ტურიზმის სექტორზე დამაზიანებლად მოქმედებს.
შოთა ბურჯანაძის თქმით, საქართველოს პერსპექტივა აქვს არაბული ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვის, თუმცა ამისთვის აუცილებელია მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს და იყოს იმ მაღალი ფასის შესაბამისი, რომელსაც არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტი გადაიხდის.