მარტვილის სოფელ ბალდში მდებარე არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის უსაფრთხოებას ჩეხი ექსპერტები შეისწავლიან. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს განცხადებით, არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმეს საკუთარი ეკოტურისტული პოტენციალით, შესაძლებლობა აქვს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონის განვითარებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
მღვიმის უსაფრთხოების დადგენის მიზნით, ჰიდროლოგიურ, გეოლოგიურ და სპელეოლოგიურ კვლევებს ჩეხეთის რესპუბლიკის მღვიმეების ადმინისტრაციის ექსპერტები ახორციელებენ. მღვიმეზე დაკვირვება რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება.
არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის განვითარების პროექტის დასაწყებად, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ჩეხეთის განვითარების სააგენტოსგან დაფინანსება 2019 წელს მიიღო, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე პროექტის დაწყებაზე მუშაობა შეჩერდა და მხოლოდ 2022 წლის მეორე ნახევრიდან განახლდა.