„კოვიდ პანდემიის შემდეგ ტურიზმის აღდგენის კუთხით წელს უპრეცედენტო მაჩვენებელი გვაქვს, დაცული ტერიტორიების მიმართულებით 4 ყველაზე პოპულარული მიმართულება პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი და სათაფლიაა.“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ხახიშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ვიზიტორთა რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 34%-ით არის გაზრდილი.
„2019 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1 200 000 ტურისტი დაფიქსირდა და წელს მოლოდინია, რომ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
თუ თითოეულ მათგანს განვიხილავთ სათაფლიის შემთხვევაში ამ 4 თვის განმავლობაში ვიზიტორთა მაჩვენებელმა 2019 წლის მაჩვენებელს 94% - ით გადააჭარბა, ოკაცეს კანიონს 44% ით მეტი ვიზიტორი ეწვია, მარტვილის კანიონს 30% ით მეტრი ხოლო პრომეთეს მღვიმეში ვიზიტორთა 20% იანი ზრდა დაფიქსირდა“ , - აღნიშნა თამარ ხახიშვილმა.
ხახიშვილის თქმით, აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოში შემოსული ვიზიტორები საკმაოდ დიფერენცირებულია. საქართველოს ვიზიტორები ჰყავდა პოლონეთიდან, რუსეთიდან, ინდოეთიდან, ლატვიიდან, ყაზახეთიდან, ისლანდიიდან და ტაილანდიდან.
„საქართველო თანდათან ხდება მიზიდულობის ცენტრი როგორც ევროპის, ასევე აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის. ეს ოთხი დაცული ტერიტორია დიდი ინტერესით ისედაც სარგებლობდა, თუმცა კოვიდ პანდემიის შემდეგ საზოგადოებაში ბუნებაში დროის გატარების მოთხოვნილება გაჩნდა და დაცული ტერიტორიები სწორედ იმის საშუალებაა.
გარდა ამისა, ჩვენ ხელს ვუწყობთ ქვეყანაში ეკო ტურიზმის განვითარებას, რაც შემდეგ ცალსახად აისახება რეგიონების ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ვიზიტორების რაოდენობის გაზრდას და ეკო ტურიზმის და რეგიონის განვითარებაზე პოზიტიურად აისახება. ადგილობრივებს მისცემს საშუალებას რომ მცირე ტურისტული ბიზნესებიდან შემოსავალი მიიღონ.“ - აღნიშნა თამარ ხახიშვილმა.
ხახიშვილის განმარტებით გასული წელი ახალი დაცული ტერიტორიების შემომატების მხრივ უპრეცედენტო იყო, საქართველოს 116 000 ჰექტარზე 5 ახალი დაცული ტერიტორია შეემატა. მისივე თქმით, გრძელდება კვლევა სამეგრელოს სვანეთის ტერიტორიებზე, ასევე გურიაში იგეგმება ახალი დაცული ტერიტორიების შემატება. ჯამში მოკვლები 70 000 ჰექტარზეა დაწყებული, გარდა დაცული ტერიტორიებისა, მიმდინარე წელს ბუნების დაცული ძეგლების რაოდენობაც გაიზრდება.