"წალკის კანიონში" ახალი სასტუმრო Kass Diamond Resort-ი სატესტო რეჟიმში იანვარში გაიხსნა. როგორც "ბიზნესპარტნიორთან"  KASS LAND-ის დირექტორი  ეკატერინე თორდია აცხადებს, სასტუმროს ოფიციალური გახსნა 15 მაისს იგეგმება.

მისივე ინფორმაციით, სასტუმრო 53 ოთახს, 3 პენტჰაუსს, სპას, დახურულ აუზსა და საკონფერენციო დარბაზებს მოიცავს.

"უკვე ვუმასპინძლეთ კორპორატიულ ჯგუფებს და ინდივიდუალური ჯავშნებიც მივიღეთ. ჩვენი მომხმარებლები როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელები იყვნენ. მათ შორის, ისრაელიდან, საამიროებიდან და რუსეთიდან.

გაზაფხულზე პარკის გახსნა იგეგმება, რომელიც საუკეთესო გასართობი ადგილი იქნება ოჯახებისთვის. ატრაქციების პარკი მოიცავს გიგანტურ სლაიდს, ჩამოსასრიალებლებს, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილ განსხვავებულ ატრაქციებს  და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე გრძელ ტრასაზე მოწყობილ კარტინგს. რეზორტი სტუმრებს განახლებულ სერვისებს მუდმივად სთავაზობს", - აცხადებს ეკატერინე თორდია.

რაც შეეხება ტურისტული ობიექტის მიმართ ინტერესს, ეკატერინე თორდიას ინფორმაციით, დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობა 25%-ით გაიზარდა.

"2024 წელს ტერიტორიას 100 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია. ვიზიტორები უმეტესად შემდეგი ქვეყნებიდან არიან: რუსეთი, ინდოეთი, ისრაელი, საამიროები, საუდის არაბეთი, სომხეთი და პოლონეთი. ვიზიტორების პროცენტული გადანაწილება დაახლოებით, 60-40-ზეა. არასეზონზე უცხოელი ვიზიტორები ჭარბობენ.

იქიდან გამომდინარე, რომ რეზორტი 2025 წელს მომხმარებლებს დამატებით სერვისებს შესთავაზებს, მათ შორის,  ატრაქტიების პარკს, ვფიქრობთ, რომ ვიზიტორთა მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაიზრდება", - აცხადებს ეკატერინე თორდია.

ცნობისთვის, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე KASS LAND-ი ისრაელური კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით 2022 წლის ივნისში გაიხსნა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 120 მლნ ლარია.

bp.ge