მომსახურების მაღალ დონეს დუბაიდან ჩამოსული ტურისტი უფრო ითხოვს, ვიდრე ევროპიდან, - ამის შესახებ Gudauri Lodge-ს დირექტორმა ანდრო ვლასოვმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ტურისტების რაოდენობა ევროპიდან ცალსახად შემცირდა, თუმცა ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსული ვიზიტორი ზოგიერთ შემთხვევაში ეროვნებით ბრიტანელი, ან ამერიკელია.

"პროფესიონალები, რომლებიც ტურიზმის სექტორში არიან დაკავებულები აქცენტს ყოველთვის მომსახურების მაღალ დონეზე გააკეთებენ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ჩამოდის. ჩვენ ევროპელ და აზიელ ვიზიტორს ყოველთვის ერთნაირ სერვისს ვთავაზობთ. მაგალითად, დუბაიდან ჩამოსული ტურისტი შესაძლოა ბევრად უფრო პრეტენზიული იყოს, ვიდრე ევროპელი ტურისტი, რადგან ევროპაში ტურიზმი შესაძლოა განვითარებულია, მაგრამ იქ სხვა სახის სერვისია. დუბაიდან ჩამოსული ტურისტი უფრო მაღალი კლასის სერვისს არის მიჩვეული, ვიდრე ევროპელი ტურისტი", - აცხადებს ანდრო ვლასოვი.

ამასთან, სასტუმროს დირექტორის შეფასებით, ზამთრის კურორტზე ჩამოსული ტურისტები უფრო მეტის დასახარჯად არიან მზად, ვიდრე ზაფხულის კურორტზე ჩასულები.

"საერთოდ, სათხილამურო კურორტი დაბალმხარჯველუნარიანი ტურისტებითვის არ ითვლება. ვიცით, რომ სათხილამურო აღჭურვილობა ძვირი ღირს, საბაგიროს აბონემენტი ძვირი ღირს. შესაბამისად, სათხილამურო კურორტები უფრო ძვირიანია, ვიდრე ზაფხულის საზღვაო კურორტები", - აცხადებს ანდრო ვლასოვი.

მისი თქმით, Gudauri Lodge-ს დამსვენებლების თითქმის 100% უცხოელია. კერძოდ, მათი ვიზიტორები ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან არიან.

ცნობისთვის, გუდაურში მდებარე სასტუმრო Gudauri Lodge 121 ნომერს, სპას, მაღაზიას და 2 რესტორანს მოიცავს. 

bp.ge