,,კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში“ ახალი მმართველობითი ორგანო აღარ შეიქმნება. ცვლილება ,,კონკურენციის შესახებ“ კანონში შევიდა და მას პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. 2020 წელს მიღებული ნორმის მიხედვით, კონკურენციის სააგენტოში 5 წევრისგან დაკომპლექტებული საბჭო უნდა შექმნილიყო, რომელსაც 5 წლიანი ვადა ექნებოდა. თუმცა, მიღებული გადაწყვეტილებით კანონში ეს ჩანაწერი გაუქმდა. მიღებულ გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებენ ,,კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში“. სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ ახალი მმართველობითი ორგანოს შექმნას დამატებით ფინანსური და ინფრასტრუქტურული რესურსები სჭირდებოდა. გადაწყვეტილება კი ხარჯ ეფექტურობის პრინციპით იქნა მიღებული და სააგენტო არსებული მართვის მოდელით დაკისრებულ ვალდებულებებს ეფექტურად ასრულებს.
,,პარლამენტში მიღებულ გადაწყვეტილებას პოზიტიურად ვაფასებთ. გვქონდა მსჯელობა ამ საკითხზე და ეს იყო კონსულტაციების შედეგი საქართველოს მთავრობის მეთაურთან, ეკონომიკურ გუნდთან და პარლამენტთან ერთად. როდესაც 2020 წელს გაუმჯობესდა ,,კონკურენციის შესახებ“ კანონმდებლობა, იქ ჩაიდო მმართველობითი სტრუქტურის შესახებ მუხლი. ის ითვალისწინებდა 5 კაციანი მმართველობითი საბჭოს შექმნას, რომელიც იქნებოდა ვადიანი და არჩევითი. (ისევე როგორც სხვა მარეგულირებლების შემთხვევაში) ბუნებრივია, საბჭოს შემოტანას სჭირდება დამატებით ფინანსური რესურსები. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ხდებოდა დროში გადაწევა. 2020 წლიდან მისი ამოქმედების გადადება ორჯერ მოხდა. ამ პერიოდში უნდა მომხდარიყო შეფასება ამ პერიოდში რამდენად იქნებოდა ეფექტური კონკურენციის აღსრულების პოლიტიკა.
საბჭოს ფინანსური/ტექნიკური უზრუნველყოფისთვის დამატებითი ხარჯი ამოქმედებიდან პირველ წელს შეადგენდა დაახლოებით მილიონი ლარს, ყოველ მომდევნო წლებში დაახლოებით 600 000 ლარის ფარგლებში იყო, ამას პლუს დამატებითი ინფრასტრუქტურა და ფიზიკური რესურსები. ხარჯეფექტურობის პრინციპით შეფასდა, რომ დღეს აღნიშნული მართვის მოდელი, რომელიც ასევე ითვალისწინებს კარგ ევროპულ გამოცდილებას, არის ეფექტური. ამას ადასტურებს სხვადასხვა შეფასებები, გადაწყვეტილებები და აქტივობები. მათ შორის ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, რომელიც აღსრულების პოლიტიკას კანონმდებლობის გაუმჯობესების შემდეგ აფასებენ, როგორც ეფექტურს. შესაბამისად მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება. დღეს არსებული მმართველობითი მოდელი რაც ითვალისწინებს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, სხვადასხვა მიმართულების დეპარტამენტებს (აღვასრულებთ სამ კანონს: მომხმარებელთა უფლებების, დემპინგის და კონკურენციის მიმართულებით) შეიძლება ვთქვათ, რომ სრულად პასუხობს იმ გამოწვევას, რომელიც დღეს გვაქვს და თანხვედრაშია იმ მოთხოვნებთან, რომელიც კონკურენციის ეფექტურ აღსრულებას და მომხმარებელთა უფლებების კანონმდებლობის ეფექტურ აღსრულებას გულისხმობს. გარდა ამისა, 2023 წელს ჩვენ ისედაც გავაუმჯობესეთ მართვის მოდელი, როდესაც სტრუქტურა შევცვალეთ მთლიანად. მთავრობის გადაწყვეტილებით ჩვენი დებულება შეიცვალა და მოერგო ახალ სტრუქტურულ ფორმატს. შესაბამისად, ამ ფაქტორების გათვალისწინებით ჩაითვალა, რომ დამატებითი ხარჯებისა და ფინანსურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფა არ იქნებოდა მიზანშეწონილი და არსებული მოდელის პირობებშიც სააგენტო ეფექტურად ასრულებს თავის ფუნქცია-მოვალეობებს.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან“ საუბარში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.