გადაზიდვების ბაზარზე რეგულირების საჭიროება იკვეთება და როგორც ჩანს, ბაზრის მოთამაშეები ამ კუთხით აქტიურად საუბრობენ.

როგორც Kairos logistics-ის გენერალურმა დირექტორმა „საქმის კურსთან“ განაცხადა, დღის წესრიგში დგება სექტორის ფორმალიზაცია, გადამზიდავების კვალიფიკაციის განსაზღვრა და დარგის გამსხვილების აუცილებლობა, რაც თავის მხრივ, სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სექტორში ინვესტიციების მოზიდვას განაპირობებს.

მიხეილ ნამადოვი მიუთითებს, რომ დღეს გადაზიდვების ბაზრის 80% ფრაგმენტულია, გადამზიდავების ნაწილს კი, მხოლოდ 1 ან 2 სატრანსპორტო საშუალება აქვს.

„ვაპირებთ ფორმალიზაცია მივცეთ დარგს, საჭიროა გადამზიდავების კვალიფიკაცია და კატეგორიზაცია. მეორეს მხრივ, ასევე უკვე საჭიროა დარგის რეგულირება მოხდეს, იმისთვის, რომ პროფესიონალი მოთამაშეები წინა პლანზე გადავიდნენ და შეძლონ ხარისხიანი სერვისის შენარჩუნება/განვითარება. დარგის გამსხვილება უნდა მოხდეს, მხოლოდ მსხვილ კომპანიებს შეუძლიათ მეტი ინვესტიცია მოიზიდონ, შექმნან ლოგისტიკური ცენტრები, ჰყავდეთ რამდენიმე ასეული სატრანსპორტო საშუალებები, რაც აუცილებელია გრძელვადიანი კონტრაქტების მოსაზიდად. მარშრუტი საკმაოდ ინტენსიური და საინტერესო ხდება, როგორც ევროპელი, ასევე აზიელი პარტნიორებისთვის და აქედან გამომდინარე, საჭიროა ძლიერი კომპანიები, რომლებიც გრძელვადიანად სტაბილურ სერვისს შესთავაზებენ ბაზარს“, - ამბობს მიხეილ ნამადოვი და აღნიშნავს, რომ ბაზრის განვითარებასთან ერთად, განვითარების შესაძლებლობა მცირე კომპანიებს თუ ინდმეწარმეებს უნდა ჰქონდეთ.

მიხეილ ნამადოვი მიიჩნევს, რომ აუცილებელია გადაზიდვებში ჩართულნი იყვნენ კვალიფიციური პირები, დაზღვეული იყოს სატრანსპორტო საშუალება და ტვირთი, რომ დაზიანების შემთხვევაში ზარალის ანაზღაურება მოხდეს. ამასთან, მისი თქმით, მსხვილი ავტოპარკის არ არსებობის პირობებში შეუძლებელია გრძელვადიანი კონტრაქტების მოპოვება. ამ კუთხით კი, სახელმწიფოს ჩართულობა და მხარდამჭერი პროგრამები აუცილებელია.

„გარკვეული ნაბიჯები იდგმება, თუმცა გამსხვილებისკენ რომ წახვიდე და უნდა იყოს მხარდაჭერა. თურქეთის მაგალითი რომ ავიღოთ, საკმაოდ ბევრი სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. შიდა ლიზინგით გრძელვადიანი დაფინანსების წყაროს აძლევენ გადამზიდავს, რაც კომპანიის სწრაფ განვითარებას უწყობს ხელს“, - აღნიშნავს ნამადოვი.

bm.ge