შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ბოლო პერიოდში მიმდინარე შეკრება/ მანიფესტაციის მონაწილეთა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების შესახებ.

საზოგადოების დამატებით ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ გადაცდომას და ითვალისწინებს ჯარიმას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ბოლო პერიოდში საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია/მანიფესტაციის მონაწილეები მიზანმიმართულად და ხელოვნურად ახდენენ რუსთაველის გამზირის გადაკეტვას, ისე რომ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მხრიდან მუდმივად ხდება ზემოაღნიშნულ სამართალდამრღვევ პირთა იდენტიფიცირება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული სახდელის შეფარდება.

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ სამართალდამრღვევს განემარტება, რომ თუ იგი არ ეთანხმება საჯარიმო ქვითარს, უფლებამოსილია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და წარმოადგინოს მის ხელთ არსებული მტკიცებულებები.

საჩივრის განხილვის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოების დამატებით დეტალურ გამოკვლევას და საჩივარზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას“ - ნათქვამია განცხადებაში.