ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, გავლენას გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში მოახდენს - ტურისტები სხვა მიმართულებას აირჩევენ - როგორც „იაგოს მეღვინეობის“ დამფუძნებელი, იაგო ბითარიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნავს, მისი ბიზნესის მიმართულებისთვის, ღვინის ტურიზმისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ აშუქებს ქვეყნის ამბებს საერთაშორისო მედია.

„დღევანდელი სიტუაცია ყველაზე ახდენს გავლენას და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. არ შეიძლება, თავი განყენებულად მოვიხსენიოთ, რადგან, თუ ქვეყანაში სტაბილურობა არ იქნება, კარგად ვერც ჩვენ ვიქნებით.

ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება ღვინის ტურიზმია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს, როგორ შუქდება ქვეყნის ამბები საერთაშორისო მედიაში. მე ვფიქრობ, რომ ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, გავლენას მოახდენს გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში და ტურისტები, რომლებიც ამ პერიოდში ჩამოსვლას გეგმავდნენ, სხვა მიმართულებას აირჩევენ“, - განაცხადა მეღვინემ.

მისი თქმით, ის იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნება, ვინც თვლის, რომ საქართველოს კეთილდღეობა დასავლეთშია.

„მე იმ ადამიანთა კატეგორიას განვეკუთვნები, ვინც თვლის, რომ საქართველოს მომავალი დასავლეთშია, არამარტო ღვინის წარმოების კუთხით, არამედ ყველა მიმართულებით. არ შეიძლება ადამიანმა მხოლოდ ერთი დარგის გულშემატკივრობით იცხოვროს. მე ჩემი ცხოვრება ღვინოს მივუძღვენი და ასე იქნება სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ აქ საუბარია ქვეყნის კეთილდღეობაზე და ვიცი, რომ ეს კეთილდღეობა არის დასავლეთში, სადაც მივისწრაფვით ბოლო 30 წელია“ - აღნიშნა მან.

წყარო: bpn.ge