ფასების გაზრდის გამო დაახლოებით მილიონმა რუსმა ტურისტმა უარი თქვა თურქეთში ტურების ადრე დაჯავშნაზე, მაგრამ წლის ბოლომდე თურქეთი რუსი ტურისტებისთვის კვლავ ყველაზე პოპულარული უცხოურ მიმართულებებს შორის რჩება. ამის შესახებ რუსული პრესა წერს.

ტურისტული სააგენტო „ალიანსის“ ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრ მკრტჩიანის თქმით, მიმდინარე წლის იანვრიდან 31 მარტამდე, გასული წლის 40-45%-დან, ჯავშნები 15-17%-მდე შემცირდა.

ტუროპერატორ TEZ Tour-ის აღმასრულებელი დირექტორის ვოსკან არზუმანოვის თქმით, თურქეთის ტურების გაძვირების მთავარი მიზეზი რუბლის გაუფასურებაა, თურქეთში კონტრაქტები ევროში ფორმდება, ევროსთან მიმართებაში კი რუბლი მკვეთრად გაუფასურდა.

2 კვირის წინ რუსული სამთავრობო მედია წერდა, რომ რუსი ტურისტებისთვის საქართველო, თურქეთის შემდეგ, მეორე ყველაზე პოპულარული მიმართულება გახდა. ამ ყველაფერს ხელი საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენამ შეუწყო.