საქართველო რუსებისთვის რიგით მეორე ყველაზე პოპულარული ადგილი გახდა სამოგზაუროდ, - ამის შესახებ TASS-თან რუსეთის სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის ეროვნული კავშირის (ОСИГ) პრეზიდენტი ალექსეი ვოლკოვი აცხადებს.

გამოცემა წერს, რომ საქართველო რუსებისთვის თურქეთის შემდეგ II ყველაზე პოპულარული ქვეყანა გახდა დასასვენებლად და შაბათ-კვირის გასატარებლად და ავია-მიმოსვლის აღდგენისთანავე ჯავშნების რაოდენობითაც, თურქეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

ვოლკოვის აზრით, საქართველო ვერ დაიკავებს თურქეთის ადგილს, ვინაიდან თურქეთში სხვა დონე და ხარისხია. „ამ ქვეყანაში ტურისტებს იზიდავს - ადგილობრივი სამზარეულო, მთები და სანაპიროზე დასვენება“, - განაცხადა ვოლკოვმა.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამავე დღეს პუტინმა საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები აღადგინა. მოგვიანებით, საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ რუსეთის ავიაკომპანია Azimuth-ს მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა მისცა. პირველი რეისი 19 მაისს შესრულდა. Georgian Airways გახდა მეორე ავიაკომპანია, რომელმაც დაიწყო პირდაპირი ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის.