უახლოეს დღეებში ან კვირებში ამას არ უნდა ელოდოთ, მაგრამ დისკუსია ამ საკითხზე 27 ქვეყანას შორის მიმდინარეობს, - ასე პასუხობს  ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი "ბათუმელების" კითხვას საქართრველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ალბათობაზე. ჰერჩინკისთვის აშკარაა, რომ ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ აზრი შეიცვალა საქართველოსთან მიმართებით.

ელჩი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირში არავის უნდა ხალხს დააკისროს პასუხისმგებლობა ქვეყნის ხელისუფლების ქმედებებზე, რადგან ევროპაში კარგად იციან, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა პროევროპელები არიან.

"მათ (საქართველოს მოსახლეობას) უნდათ, რომ თავიანთი ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. მათ უნდათ უბრალოდ უკეთესი მომავალი მათთვის და მათი ოჯახებისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ არ შეგვიძლია მივიღოთ ის, რომ საბაზისო დებულებები, რომელთა საფუძველზე მივანიჭეთ საქართველოს ეს პრივილეგია, სადავო გახდეს.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის დისკუსია გრძელდება ბევრი თვის განმავლობაში. აბსოლუტურად ღიად უნდა ვთქვა, რომ ვხედავ ცვლილებას ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის მიდგომაში, მათ აზრი შეიცვალეს და ამბობენ, რომ რაც საქართველოში ხდება, ყველა იმ ქმედებების გამო, იმ კანონმდებლობის გამო, რაც ხელისუფლებამ მიიღო, პოზიცია უნდა შევიცვალოთ.

23 ივნისს იქნება ამ საკითხის განხილვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, ამ შეხვედრის დროს ეს დისკუსია გაგრძელდება. საბოლოო ჯამში, ეს საკითხი ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია. უვიზო რეჟიმის შეჩერებისთვის მხოლოდ 2/3 წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერაა საჭირო – უფრო მარტივი პროცედურაა, ვიდრე სანქციები.

დღეს გადაწყვეტილება არ არის მიღებული. უახლოეს დღეებში ან კვირებში ამას არ უნდა ელოდოთ, მაგრამ დისკუსია ამ საკითხზე 27 ქვეყანას შორის მიმდინარეობს.

ევროკომისია ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს უვიზო რეჟიმის შესახებ არსებული შეთანხმების შესრულების შესახებ – ბოლო ანგარიში გასული წლის ნოემბერში გამოვიდა და მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რიგი ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ უვიზოა მიმოსვლის შეჩერების საფრთხე აცილებულ იქნეს. სამწუხაროდ, ეს ნაბიჯები დღემდე არ გადადგმულა.

წელსაც იქნება გამოქვეყნებული ანგარიში და გაიცემა რეკომენდაციები წევრი ქვეყნებისთვის: მოახდინონ რეაგირება იმაზე, რომ ჩვენი რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული", - განაცხადა მან.