ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალური ასამბლეა ბათუმში წელს პირველად ტარდება, სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას კი აჭარა მეოთხედ მასპინძლობს. ღონისძიების ორგანიზატორი აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტია. კონფერენციაში მონაწილეობას ტურიზმის სფეროს ექსპერტები და წარმომადგენლები ნორვეგიიდან, საბერძნეთიდან, კვიპროსიდან, ფინეთიდან, ლიეტუვადან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, ესპანეთიდან და  საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან იღებენ. ჯამში, ევროპის გენერალურ ასამბლეასა და კონფერენციას საოჯახო სასტუმრო სახლების, ტურისტული სააგენტოების, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების 150-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.

კონფერენციის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის მუნიციპალიტეტების მერები, მინისტრთა კაბინეტის წევრები და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის თქმით, ამ სახის ღონისძიებები კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს, რომ კიდევ უფრო სწორად და მდგრადად განავითარონ აჭარაში ეკო ტურიზმი.

„როცა ეკონომიკის ზრდაზე ვსაუბრობთ, რომლის უპრეცედენტო ზრდის მაჩვენებელი გვაქვს ყველა მიმართულებით, ეს არ არის ეფემერული საკითხი, ეს არის ის კონკრეტული შედეგები, რომელიც თითოეულ ოჯახს ცხოვრების უკეთეს პერსპექტივას უქმნის. ამ სახის ღონისძიებები კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს კიდევ უფრო სწორად და მდგრადად განავითარონ აჭარაში ეკო ტურიზმი, სოფლად ტურიზმი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ტურიზმის განვითარება და ეკონომიკის განვითარება იგრძნობოდეს ყველგან, სოფლად და ქალაქად" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.