საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ შეხვედრა გამართა BNY-ის (The Bank of New York Mellon Corporation) აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის მიმართულების მმართველ დირექტორთან, სერგეი კოტოვთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე და ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხაზარაძე.

საუბრის მთავარი თემა BNY-სა და საქართველოს ფინანსურ სექტორს შორის თანამშრომლობის განვითარება იყო. მათ შორის, წამყვან ქართულ კომერციულ ბანკებთან - „საქართველოს ბანკთან“, „თიბისი ბანკთან“, „ბაზისბანკთან“, „ლიბერთი ბანკთან“, „ტერაბანკთან“ და „ხალიკ ბანკ საქართველოსთან" პარტნიორობის გაფართოება. მხარეებმა მიმოიხილეს 2024 წელს ქართულ ბაზარზე BNY-ის შემოსვლის შემდგომ მიღწეული პროგრესი და სამომავლო ჩართულობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავალუტო რეზერვების მართვის, კასტოდიანური მომსახურებისა და ლიკვიდობის მართვის გადაწყვეტილებების მიმართულებით პოტენციურ თანამშრომლობას. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური პერსპექტივები და ფინანსურ სექტორში მიმდინარე მოვლენები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტებს, საბანკო სისტემის მდგრადობასა და მარეგულირებელი და შესაბამისობის ჩარჩოს საიმედოობას, მათ შორის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა (AML) და ფინანსური მდგრადობის მაღალ სტანდარტებს.

„საქართველო კვლავაც სთავაზობს სტაბილურ და მიმზიდველ გარემოს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს. ჩვენ მივესალმებით გლობალურ პარტნიორებთან შემდგომ ჩართულობას, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც ხელს უწყობენ ფინანსური ბაზრის განვითარებასა და რეზერვების ეფექტიან მართვას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

სერგეი კოტოვი დადებითად აფასებს BNY-ის საქმიან ურთიერთობას საქართველოში როგორც კომერციულ სექტორთან, ისე ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებით. საუბრისას მან ხაზი გაუსვა ინსტიტუტის მზაობას, მხარი დაუჭიროს ფინანსური ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებას.

მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, განაგრძონ თანამშრომლობა და შეისწავლონ გლობალურ ბაზრებთან საქართველოს ფინანსური სისტემის შემდგომი ინტეგრაციის შესაძლებლობები.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს