"ფასების საპარლამენტო კომისიის" რეკომენდაციაა, რომ პარლამენტმა მწარმოებელს, იმპორტიორს, დისტრიბუტორსა და ქსელებს შორის ინსტიტუციური ურთიერთობის ჩარჩო შექმნას. ამის შესახებ კომისიის ხელმძღვანელმა შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირში არსებობს “დირექტივა არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის შესახებ”, რომლის ფარგლებშიც არაერთი მსგავსი ცვლილება დაინერგა სტრუქტურულად, რომ ბაზარზე მოთამაშეებს შორის ურთიერთობების ასიმეტრია გასწორებულიყო და სავაჭრო ურთიერთობები სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური გამხდარიყო.

“ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ამ დირექტივის ფარგლებში შესაბამისი კანონპროექტი უნდა შემოვიდეს პარლამენტში და პარლამენტმა შემდეგ უნდა იმუშაოს და შექმნას ინსტიტუციური ჩარჩო ამ სექტორში მოთამაშე კომპანიებს - მწარმოებელს, იმპორტიორს, დისტრიბუტორსა და ქსელებს შორის.

ეს არის საშუალოვადიანი პერიოდი, ვფიქრობ, აღნიშნულ გადაწყობის პროცესს, განსაკუთრებით გადახდების გასწორების ნაწილში, დასჭირდება გარკვეული პერიოდი რომ სრულად გადაეწყოს სექტორი. ძალიან გთხოვთ გავითვალისწინოთ, რომ სექტორი არის ძალიან დიდი. ის შეადგენს ჩვენი ეკონომიკის 21%-ს და რაიმე აგრესიული ტიპის ჩარევა ქმნის სისტემურ რისკებს და სისტემური რისკები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს შემდეგ ეკონომიკაზე და ამიტომ აქ მიდგომა უნდა იყოს ძალიან თარგეთირებული, ძალიან წერტილოვანი და დეტალებში გაწერილი.

სწორედ არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივის ნაწილში უნდა მოხდეს საკანონმდებლო დონეზე ამ დოკუმენტის დამუშავება. დოკუმენტის დამუშავებას ალბათ რაღაც პერიოდი დასჭირდება, ჩვენი რეკომენდაცია ეს არის, თუმცა იმპლემენტაციის პერიოდსაც რაღაც პერიოდი სჭირდება, რომ ეს სისტემურად გასწორდეს. ის, რაც არასწორად კეთდებოდა წლების განმავლობაში, ერთ დღეში ვერ გასწორდება. ერთ დღეში მისი გასწორება საშიშიც არის, იმიტომ რომ სექტორმა შესაძლებელია შოკირებული დარტყმა მიიღოს და დარტყმის შედეგად ჩვენ არ მივიღოთ არა ფასების შემცირება, არამედ ბაზარზე შოკური ფასები, რაც სისტემურ რისკებთანაა დაკავშირებული და აგრესიული ჩარევა ჩვენი მხრიდან რეკომენდებული არ არის.

მაგრამ ეს პერიოდი, ჩემი აზრით, შესაძლებელია 6-დან 9 თვემდე დასრულდეს და სისტემა გაჯანსაღდეს. ეს არის საშუალოვადიანი სტრატეგია და ასევე რეკომენდაციის ფარგლებში ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ასევე გრძელვადიანი სტრატეგია ჩამოყალიბდეს.

ჩვენი რეკომენდაცია იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, რომ გაიწეროს გრძელვადიანი სტრატეგია... ჩვენ ვისაუბრეთ ერთ ნაწილზე, რომელიც სტრუქტურული პრობლემების გასწორებაა და ეს შევაჯამეთ, მაგრამ მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი არის თვითონ მიწოდების ჯაჭვის არაეფექტურობაში და ეს ნიშნავს იმას, რომ მიწოდების ჯაჭვი არის გრძელი და სიგრძისგან გამომდინარე ის თითოეულ რგოლში ქმნის დამატებით ხარჯებს. ამიტომ აუცილებელია მიწოდების ჯაჭვის შემცირება და ეს რას ნიშნავს? მაქსიმალურად დაახლოება ურთიერთობების მწარმოებელსა და საცალო ქსელებს შორის, რომ აღარ იყოს შუალედური რგოლები და მეორე მნიშვნელოვანია იმპორტიორსა და მწარმოებელს შორის. ამ ნაწილში განსაკუთრებული როლი ენიჭება ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრების არსებობას”, - განაცხადა ბერეკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დირექტივა მიზნად ისახავს, რომ “ევროკავშირის დირექტივა არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის შესახებ” ბაზარზე უზრუნველყოფს სამართლიან წესებს, რათა მცირე მოთამაშეები არ დაზარალდნენ დიდი კომპანიების მხრიდან. კერძოდ, დირექტივა კრძალავს გვიან გადახდებს (30/60 დღეზე მეტი), ბოლო წუთს შეკვეთების გაუქმებას და ა.შ.

აღნიშნული დირექტივის შესაბამისად კანონპროექტი ჯერ კიდევ 2023 წელს ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით დაიწერა. ამ კანონპროექტის პირველივე მუხლში ეწერა, რომ მისი მიზანია, სავაჭრო ობიექტის მიმწოდებელსა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე საცალო მოვაჭრეს შორის უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის აღმოფხვრა, მათ შორის ინტერესთა ბალანსის დაცვა.

ირაკლი ღარიბაშვილის დავალებიდან, დაახლოებით, 6 თვის შემდეგ როცა BMG-მ მოიკითხა, რატომ შემოიდო თაროზე ეს კანონპროექტი, მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გვიპასუხა, რომ მთავრობას სურსათის ფასების რეგულირების კანონის მიღება აქტუალურად აღარ მიაჩნდა, რადგან ინფლაციამ შემცირება დაიწყო და ასევე, იმპორტიორებმა, დისტრიბუტორებმა და საცალო მოვაჭრეებმა, ფასების შემცირების თაობაზე, მთავრობის რეკომენდაციები თავადაც გაითვალისწინეს.

წყარო: bm.ge