მომხმარებლებისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტი არა მხოლოდ ბინის და ჩაბარების კუთხით, არამედ გარემოს კუთხით, თუ რა გარემოში და ინფრასტრუქტურაში მოუწევთ მათ ცხოვრება, - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია "არსის" დირექტორმა ბესო ორთოიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, უძრავი ქონების ბაზარზე ხარისხი და უსაფრთხოების სტანდარტები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაც კიდევ უფრო გაიზრდება.

"სექტორში მხოლოდ მომხმარებელი არა, ყველა ჩართული მხარე შეიცვალა. გვახსოვს, ადრე ფინანსური ინსტიტუტები როგორ გასცემდნენ სესხებს, თვითონ დეველოპერების გამოცდილებაც არ იყო ბაზარზე და ბევრი დაშვებული შეცდომა იყო. მათ შორის, მომხმარებლები საერთოდ არ ეცნობოდნენ ხელშეკრულებებს და მშენებლობის ნებართვა არსებობდა თუ არა. ასე, რომ დროთა განმავლობაში ყველა მხარე შეიცვალა, მათ შორის, მომხმარებელი. სამწუხაროდ, დღესაც არის რომ ნაკლებ პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკითხს, მაგრამ ბაზარზე ზოგადად სიტუაცია შეცვლილია. 

დღეს მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს. მათ შორის, სამშენებლო მასალების კუთხით. რომ გადავხედოთ რა ხდებოდა ამ კუთხით ბაზარზე რამდენიმე წლის წინ და დღეს რა არჩევანია - თვისობრივად ძალიან განსხვავდება როგორც მასალების, ისე უსაფრთხოების ნაწილი, რასაც დღეს დეველოპერები მომხმარებლებს სთავაზობენ. ეს პროცესი არ დასრულებულა. არის რამდენიმე რეგულაცია, რომელიც ჯერ კიდევ არ შესულა ძალაში და ნელ-ნელა ვითარდება და შესაბამისად, მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაუმჯობესებული სტანდარტი გვექნება, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბაზარზე კონკურენცია მაღალია", - აცხადებს ბესო ორთოიძე.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი კვარტალი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ზრდით დაიწყო - გაყიდვები წლიურად დაახლოებით, 15–20%-ით გაიზარდა, ხოლო ფასებმა 5%-იანი მატება აჩვენა.

bp.ge