ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დარგში კვალიფიციური კადრების დეფიციტზე უკვე წლებია საუბრობენ, თუმცა ბოლო პერიოდში ამ მხრივ ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესებულია.

როგორც ჰოტელიერმა და ტურისტული კომპანია „იბერია ტურს+“- ის დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმა „კომერსანტთან“ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ დარგში ხელფასების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, კომპანიებს კვალიფიციური კადრების მოძიება მაინც უჭირთ და თავად დაიწყეს დასაქმებულების გადამზადება.

„კადრების პრობლემა სულ იყო ტურიზმის სექტორში და ახლა განსაკუთრებით. ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს კადრების მოძიების მიმართულებით. რასაც ვაკეთებდით 2011-2012 წლებში, როცა თავად ვამზადებდით და ვატრენინგებდით კადრებს, ახლაც იმავეს კეთება გვიწევს. შუალედური რგოლის მენეჯერები უფრო ზედა საფეხურებზე გადაგვყავს და მათ ადგილზე ახალი კადრების მომზადება გვიწევს. რთულია ისეთი კადრების მოძიება, როგორიცაა სასტუმროს დიასახლისი, ჭურჭლის მრეცხავი და ა.შ.

პანდემიის დროს ჩვენს სექტორში დასაქმებული არაერთი ადამიანი ქვეყნიდან წავიდა ან სხვა დარგში გადაინაცვლა, ამიტომ ახლა გვიხდება ახალი კადრების გადამზადება. შესაბამისად, გვიწევს, რომ დასაქმებულებს თავად ვასწავლოთ.

დარგში ხელფასები გაზრდილია, ჩვენც მოგვიწია მატება, რადგან ვიცით, რომ ფასები ყველაფერზე ძალიან გაზრდილია. თუმცა ანაზღაურების ზრდის ფონზეც, მაინც კადრების მწვავე დეფიციტია, მით უმეტეს კვალიფიციური კადრების, ადამიანების, რომლებმაც ეს საქმე იციან. 2019 წლიდან დღემდე ტურიზმის სექტორში ხელფასები დაახლოებით 50-60%-ით გაიზარდა“, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასმა 1 716 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 18%–ით (270 ლარით) აღემატება. კერძო სექტორში საშუალო ანაზღაურება კიდევ უფრო მაღალია – 1759 ლარი (ზრდა 19%). ექსპერტების აზრით, ხელფასების ზრდის ერთ–ერთი მთავარი წინაპირობა ბიზნესის მცდელობაა, შეაჩეროს კადრების გადინება, თუმცა მიუხედავად ამისა, სპეციალისტების დეფიციტი კვლავ მძიმე გამოწვევად რჩება, ხოლო დამსაქმებელთა ნაწილი გამოსავალს უცხოელი კადრების მოწვევაში ხედავს.