ვალენსიაში (ესპანეთი) ძველი ეკლესიის ფრესკების აღდგენას ბაქტერიების გამოყენებით აპირებენ . ტექნიკა შეიმუშავა მიკრობიოლოგმა პილარ ბოშმა. მან გატესტა ბაქტერიები ფერმენტის წარმოებისთვის, რომელიც არღვევს წებოვან ფენას ხელოვნების ნიმუშებზე.
იდეა პილარს 2008 წელს გაუჩნდა, როდესაც ის ეძებდა თემას სადოქტორო დისერტაციისთვის და წააწყდა სტატიას ხელოვნებაში ბაქტერიების გამოყენების შესახებ. იმ დროს დედამისს, რომელიც რესტავრატორად მუშაობდა, ვალენსიის ერთ-ერთ უძველეს ეკლესიაში ფრესკებზე მუშაობისას პრობლემები შეექმნა. ის დიდხანს ამაოდ ცდილობდა ფრესკებიდან წებოს მოშორებას ღრუბლითა და თბილი წყლით, თუმცა, ახლა პილარ ბოში დედასთან ერთად საეკლესიო ფრესკების აღსადგენად კოლაგენური წებოს მოშორებას ბაქტერიების გამოყენებით ახერხებს. ბაქტერიები ბუნებრივად წარმოქმნიან ფერმენტებს, რომლებიც ანადგურებენ წებოს.
ბაქტერიებს ურევენ წყალმცენარეებზე დაფუძნებულ გელს და ხატებზე დააქვთ. სამი საათის შემდეგ გელს აშორებენ და გელთან ერთად ქრება წებოც ფრესკებიდან.
სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ კატალონიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (ესპანეთი) მეცნიერთა ჯგუფმა წამოაყენა ინიციატივა, რომ ბაქტერიები გამოიყენონ მობილური ტელეფონების, ლეპტოპების და სხვა ძველი ტექნიკის გადასამუშავებლად.
ამორტიზების შემდეგ, ბევრი მომხმარებელი ძველ მოწყობილობებს ყრის, რაც ელექტრონულ ნარჩენებს ქმნის. ასეთი ნარჩენების გადამუშავება პრაქტიკულად შეუძლებელია და წარმოიქმნება სათბური გაზები.
ევროკავშირმა აიღო ვალდებულება შექმნას წრიული, ანუ ცირკულარული, ეკონომიკა. ესაა ევროკავშირის მასშტაბური ინიციატივის ნაწილი, რომელიც"ევროპის მწვანე შეთანხმების" სახელითაა ცნობილი. ასეთი ეკონომიკის ძირითადი პრინციპებია ბუნებრივი რესურსების კონსერვაცია ნედლეულისა და ენერგიის დაზოგვით და ნივთების მომსახურების ვადის გაზრდა თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით.
ამ მიზნით ევროკავშირმა ბატარეების მწარმოებლებს დაავალდებულა ბატარეების დამზადება მათი შემდგომი შეკეთების გარანტიით.