დეზინფორმაციაზე დაფუძნებული ალტერნატიული მკურნალობის მეთოდები სწრაფ, სასწაულებრივ შედეგებს გვპირდება, მაგრამ ამის ფასი, შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობა ან სიცოცხლეც კი იყოს. ზრდასრულ ადამიანებს, რა თქმა უნდა, აქვთ საკუთარი მოსაზრების ქონის უფლება, მაგრამ ეს უფლება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ბავშვის სიცოცხლესა და კეთილდღეობას.
ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიებისა და ადამიანების მიერ საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გაზიარების წყალობით, ჩვენ, ზოგადად, ვახერხებთ თაღლითობის ამოცნობას. მაგალითად, არ ვენდობით უცნაური ელექტრონული ფოსტის მისამართებიდან გამოგზავნილ საეჭვო შეტყობინებებს, არ შეგვყავს ჩვენი საბანკო კოდები უცნობ ვებსაიტებზე და არ ვადასტურებთ პირადობას ტელეფონით. ვისწავლეთ, როგორ დავიცვათ ჩვენი ქონება, მაგრამ ვართ თუ არა ისეთივე ფრთხილები, როდესაც საქმე ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობას ეხება?
გთავაზობთ ამ საკითხზე ესტონეთის „ბავშვთა დაცვის კავშირის“ წარმომადგენლის, ჰელენ საარნიკის მოსაზრებებს.
საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ბავშვებს წვდომა მეცნიერულად დასაბუთებულ მკურნალობის მეთოდებზე ჰქონდეთ
ესტონეთში ფსევდომედიცინის გავრცელება შეშფოთებას იწვევს, რადგან მკურნალობის ფსევდომეცნიერული პრაქტიკის გამოყენება შეიძლება ნიშნავდეს სათანადო მკურნალობის დაგვიანებას, არასაკმარის სამედიცინო დახმარებას, სახიფათო ჩარევებს ან საერთოდ, დახმარების გარეშე პაციენტის დარჩენას.
ფსევდომედიცინის გამავრცელებლები - იქნება ის არაკვალიფიციური „კონსულტანტი მედიცინის სფეროში“ თუ სამედიცინო განათლების მქონე ექიმი და ექთანი, რომლებიც არამეცნიერულ შეხედულებებს ავრცელებენ - ხშირად იმავე პრინციპით მოქმედებენ, როგორითაც სატელეფონო თაღლითები: მოგების მიზნით, ისინი ბოროტად იყენებენ ადამიანების ნდობასა და შიშებს.
მათი გზავნილები მიზანმიმართულად ემოციური და მანიპულაციურია. ისინი ყვებიან საკუთარ ისტორიებს, საუბრობენ ემპათიური ტონით და საკუთარი სახის წარმოჩენით და პიროვნული შტრიხების ხაზგასმით ნდობაში შედიან ავადმყოფთან (ან მის მშობლებთან). მაგრამ მათი „რჩევები“ მეცნიერებას არ ეფუძნება; მათ ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ და საფრთხეს უქმნიან როგორც ბავშვების, ისე ზრდასრულების ჯანმრთელობას.
ფსევდომედიცინისადმი მიმართვა ვაკუუმში არ ხდება: ეკონომიკური სირთულეების, ჯანდაცვის პროფესიონალების დეფიციტისა და სამედიცინო დახმარებაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის ფონზე, ადამიანები გრძნობენ, რომ დროულად ვერ ახერხებენ ექიმთან ვიზიტის დაჯავშნას ან საკმარის ყურადღებას ვერ იღებენ მისგან. თუმცა, ფსევდომედიცინაც არ არის იაფი.
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ციფრული გადაწყვეტილებებით - ოჯახის ექიმის ელექტრონული პორტალებით, ელექტრონული რეცეპტებითა და ხელოვნური ინტელექტის რჩევებით - მაგრამ, ამავე დროს, კვალიფიციურ ექიმთან პირდაპირი კონტაქტი და მის მიერ პაციენტის გულმოდგინედ გასინჯვის განცდა შემცირდა. როდესაც ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა შეუძლებელია, ან ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტთან მოლოდინის დრო თვეობით იწელება, ადამიანები დახმარებას იქ ეძებენ, სადაც ვიღაც მაინც არის მზად, რომ მოუსმინოს - იდეალურ შემთხვევაში, საკუთარი გამოცდილების გაზიარებაც შეუძლია.
როდესაც მშობელი დახმარებისთვის არასწორ წყაროს მიმართავს, ამით მის შვილსაც ექმნება საფრთხე, რადგან ბავშვის ჯანმრთელობა დამოკიდებულია ზრდასრულის გადაწყვეტილებებსა და სანდო სამედიცინო დახმარებაზე ხელმისაწვდომობაზე. მაგალითად, მძიმედ დაავადებული ბავშვის მშობელმა შეიძლება ჩვეულებრივი მედიცინის ნაცვლად ჰომეოპათიას მიმართოს, ან შიშზე დაფუძნებული რწმენის გამო, უარი თქვას აუცილებელ ვაქცინაციაზე ან სისხლის გადასხმაზე. ასეთი არჩევანი კი, თავის მხრივ, პირდაპირი საფრთხე შეუქმნას ბავშვის სიცოცხლეს.
ეს არის ნათელი სიგნალი იმისა, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უფრო ხელმისაწვდომი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო დახმარება. ფსევდომედიცინის გავრცელების შეჩერება მხოლოდ დეზინფორმაციის წაშლით ან ჯარიმების დაწესებით შეუძლებელია. მასზე მოთხოვნა მხოლოდ მაშინ გაქრება, როდესაც ადამიანებს ექნებათ რეალური ალტერნატივა: ჯანდაცვის ხელმისაწვდომი, ჰუმანური და სანდო სერვისები.
ფსევდომედიცინა მხოლოდ ყალბი ინფორმაციის საკითხი არ არის
ყველა ბავშვმა უნდა მიიღოს მეცნიერებაზე და არა რწმენასა და წარმოდგენებზე დაფუძნებული მკურნალობა. ყველა მშობელი უნდა გრძნობდეს, რომ თავის საზრუნავში მარტო არ არის და სახელმწიფოც იღებს თავის წილ პასუხისმგებლობას ბავშვის გადარჩენის, განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის საუკეთესო პირობების შექმნის უზრუნველყოფაზე.
თუ მშობლებს უჭირთ სამედიცინო ლაბირინთებში გზის გაკვლევა და მეცნიერულად დასაბუთებული მკურნალობის ფსევდომედიცინისგან გარჩევა, ბავშვებისთვის კიდევ უფრო რთულია სწორისა და არასწორის ამოცნობა.
ბავშვები დამოკიდებულნი არიან მშობლებზე და, როგორც წესი, ეჭვქვეშ არ აყენებენ მათ ცოდნასა თუ გადაწყვეტილებებს. როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ, თუ როგორ ამოიცნონ ფსევდომედიცინა, ხელს უწყობს ჯანმრთელობის რისკების შემცირებას, რომლებიც მაშინ ჩნდება, როდესაც ადამიანები უარს ამბობენ ჩვეულებრივ მედიცინაზე ან დახმარებისთვის ფსევდომედიცინას მიმართავენ.
ჩვენ არ შეგვიძლია გავაკონტროლოთ ყველაფერი, რაც სოციალურ მედიაში ვრცელდება, მაგრამ შეგვიძლია ახალგაზრდები აღვჭურვოთ იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც მათ დღევანდელი საინფორმაციო გადატვირთვის პირობებში სჭირდებათ. თუ ეს მხარდაჭერა სახლიდან არ მოდის, მაშინ სკოლებმა უნდა შეუქმნას ბავშვებს კრიტიკული აზროვნებისა და ჯანმრთელობის საკითხებში წიგნიერების საფუძველი.
ფსევდომედიცინის გავრცელება კოლექტიური გამოწვევაა და მხოლოდ სამედიცინო პროფესიის ან ჯანდაცვის ორგანოების პრობლემას არ წარმოადგენს.
წყარო: 1 არხი