ეროვნულმა ბანკმა უძრავი ქონების მდგრადობის ანალიზი ჩაატარა. ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის თანახმად, უძრავი ქონების ბაზარი ქვეყნის ეკონომიკისთვის და საფინანსო სისტემისთვის სისტემურ მნიშვნელობას ატარებს ამიტომ აუცილებელია მასში არსებული შესაძლო რისკების მუდმივი მონიტორინგი.
სებ-ი მიუთითებს, რომ 2025 წელს უძრავი ქონების ბაზარზე როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების მხარეს გარკვეული შენელება შეინიშნება, უძრავი ქონების იჯარის (ბინის ქირის) ღირებულებაც პიკური მაჩვენებლიდან შემცირებულია და მისი ინდექსი ნორმალიზდა.
უძრავი ქონების მოწყვლადობის ანალიზი
ზომიერი რისკ სცენარის პირობებში, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის (LTV) განაწილება მნიშვნელოვნად არ იცვლება, ხოლო მკაცრი სცენარის შემთხვევაში, 1.8 პროცენტამდე იზრდება იმ იპოთეკური სესხების წილი, რომელთა სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი 100 პროცენტს აჭარბებს. ვალუტის ჭრილში, როგორც ზომიერი, ისე მკაცრი სტრესის შემთხვევაში, ეროვნული ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხებისთვის სესხის უზრუნველყოფის განაწილება, მნიშვნელოვნად არ იცვლება. ამასთან, მკაცრი სცენარის პირობებში, თუ ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით 40 პროცენტით გაუფასურდება, ხოლო უძრავი ქონების ეროვნულ ვალუტაში გამოხატული ფასები 4 პროცენტით გაიზრდება, უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების დაახლოებით 8.7 პროცენტს სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი 100 პროცენტზე მეტი ექნება, რაც საბაზო სცენართან შედარებით 7.9 პროცენტული პუნქტით მეტია. აღსანიშნავია, რომ ზომიერი რისკ სცენარის შემთხვევაში, საბაზო სცენართან შედარებით, უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების დაახლოებით 2 პროცენტი სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის 100 პროცენტს გადააჭარბებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის მკვეთრმა შემცირებამ შესაძლოა ბანკების უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პორტფელის ხარისხი გააუარესოს და სისტემური რისკების დაგროვებას შეუწყოს ხელი. ამასთან, უცხოური ვალუტით გაცემული სესხები შედარებით უფრო მაღალი რისკის შემცველია. აღნიშნული რისკის შესამცირებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წლიდან სესხის უზრუნველყოფის მაქსიმალური კოეფიციენტი უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხებისთვის 70 პროცენტის ოდენობით განსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის თებერვალს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სესხის უზრუნველყოფის მაქსიმალური კოეფიციენტი ეროვნული ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხებისთვის 90 პროცენტამდე გაიზარდა. ამასთან, იგივე დებულების პრინციპების მიხედვით, დაგირავებული უძრავი ქონება რისკებისგან დაცვის მხოლოდ დამატებითი რგოლია და სესხის გასტუმრების მთავარ წინაპირობას მსესხებლის გადახდისუნარიანობა წარმოადგენს,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.