Boston Dynamics-ის მიერ დამზადებული რობოტი ძაღლი სახელად „სპოტი“ უახლესი ინსტრუმენტია აშშ-ის საიდუმლო სამსახურის არსენალში. მოწყობილობა ცოტა ხნის წინ დააფიქსირეს ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კურორტის მარ-ა-ლაგოს პერიმეტრზე პატრულირებისას (პალმ ბიჩში, ფლორიდაში).
BBC-ის ცნობით, მოწყობილობა იარაღით არ არის აღჭურვილი. რობოტი ძაღლის მართვა შესაძლებელია დისტანციურადაც და ავტომატურადაც მარშრუტის წინასწარი დაპროგრამებით.
ტრამპის საკუთრების ირგვლივ რობოტი ძაღლის პატრულირების ამსახველი ვიდეო ვირუსულად გავრცელდა TikTok-ზე, სადაც მოქალაქეთა რეაქციები არაერთგვაროვანია: ზოგისთვის "სპოტი" ძალიან საყვარელია, ზოგი კი მას "საშინელს" უწოდებს. რობოტი ძაღლი ხუმრობების ობიექტი ხდება ამერიკული კომედიური შოუსთვის, თუმცა, "სპოტის" მისია სასაცილო სულაც არ არის. მას საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე აკისრია, მით უფრო, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვის წინ, დონალდ ტრამპი იყო მკვლელობის ორი აშკარა მცდელობის სამიზნე. პირველი გასროლა შედგა ივლისის მიტინგზე ბატლერში, პენსილვანიაში, ხოლო მეორე მოხდა მარ-ა-ლაგოს გოლფის მოედანზე სექტემბერში.
„არჩეული პრეზიდენტის დაცვა უმთავრესი პრიორიტეტია“, - თქვა ენტონი გულიელმიმ, აშშ-ს საიდუმლო სამსახურის კომუნიკაციების უფროსმა BBC-სთვის მიცემულ კომენტარში.
ქვეყნის საიდუმლო სამსახური ოპერაციული უსაფრთხოების მიზნით არ პასუხობს BBC-ის კითხვებს ტრამპის უსაფრთხოების საქმეში რობოტი ძაღლების გამოყენებაზე. ამ კითხვებს არც რობოტი ძაღლების შემქმნელ კომპანიაში, Boston Dynamics-ში პასუხობენ, თუმცა, კომპანიის მენეჯმენტი ადასტურებს, რომ საიდუმლო სამსახური იყენებს Spot-რობოტს.
შეგახსენებთ, ცეცხლმსროლელი რობოტი ძაღლი უკვე ხელმისაწვდომია. კომპანია Throwflame-მა წარადგინა ცეცხლმსროლელი რობოტი ძაღლი, რომელსაც შეუძლია „გამოაფრქვიოს ცეცხლის ნაკადები 30 ფუტის სიმაღლეზე, ღილაკის დაჭერით“. ცეცხლმსროლი „ARC Flamethrower“ მიმაგრებულია რობოტ ძაღლზე „Go2 Robot Dog“, რომელიც წარმოებულია ჩინეთის Unitree-ს მიერ.
ცნობისთვის, უკრაინამ, შესაძლოა, მალე ფრონტის ხაზზე რობოტი ძაღლები განალაგოს. ისინი ჯარისკაცებს ისეთი სახიფათო დავალებების შესრულებაში ჩაენაცვლებიან, როგორიცაა, მაგალითად, რუსული სანგრების თვალთვალი ან ნაღმების აღმოჩენა. ლითონის ძაღლი, რომელიც ცნობილია როგორც „BAD One“ მოდელი, ოპერატორის მიერ გაცემული ბრძანებების შესაბამისად მოქმედებდა - ჯდებოდა, დგებოდა, დარბოდა და ხტებოდა. მისი შემქმნელების თქმით, რობოტი ძაღლები შეუმჩნეველნი და მოქნილები არიან. მალე ისინი შეიძლება ფრონტის ხაზზე ფასდაუდებელი მოკავშირეები გახდნენ უკრაინის არმიისთვის, რომელსაც რუსეთის შემოჭრის მოსაგერიებლად ცოცხალი ძალა არ ჰყოფნის. მიწის ზედაპირთან ახლოს ყოფნის გამო, ისინი, მტრისთვის ძნელად აღმოსაჩენნი არიან. მტრის სანგრების ან საბრძოლო ზონებში შენობების ინტერიერის შესამოწმებლად, რობოტ ძაღლებს თერმული გამოსახულების გამოყენება შეუძლიათ.
რობოტი ძაღლი შეიძლება გამოყენებულ იქნას ნაღმების ან თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოსაჩენად, ასევე ფრონტის ხაზის ცხელ წერტილებში შვიდი კილოგრამამდე საბრძოლო მასალის ან მედიკამენტების მისაწოდებლად. „ვერ ვიტყვი, რამდენი ასეთი რობოტი განვათავსეთ უკრაინაში, მაგრამ ცხადია, რომ ისინი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ საბრძოლო ოპერაციებზე და გაზრდიან ჯარისკაცების უსაფრთხოებას“, - აღნიშნა „იურიმ“. იმ შემთხვევაში, თუ რობოტი ძაღლი რუსების ხელში მოხვდება, ავარიული გამომრთველი ოპერატორს საშუალებას მისცემს, მის შესახებ ყველა მონაცემი წაშალოს.
მტვერსასრუტით აღჭურვილი რობოტი ძაღლი VERO იტალიაში სანაპიროების დასასუფთავებლად გაუშვეს. VERO-ს შეუძლია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სიგარეტის ნამწვები ამოიცნოს და ფეხებზე მიმაგრებული მტვერსასრუტის მილაკებით ისინი შეიწოვოს. VERO იყენებს კამერის სისტემას და ალგორითმს, რათა ამოიცნოს სამიზნეები და დაგეგმოს მარშრუტი. დეველოპერების თქმით, რობოტმა სხვადასხვა გარემოში წარმატებით შეაგროვა სიგარეტის ნამწვების დაახლოებით 90 პროცენტი. ამასთან, დოქტორი კლაუდიო სემინი ამბობს, რომ რობოტს ასევე, შეეძლება სხვა, უფრო დიდი ნარჩენების შეწოვა და აღრიცხვა.
„ეს შეიძლება იყოს ბოთლის თავსახურები ან პლასტმასის პატარა ნაჭრები, რისი შეწოვაც მცირე მილაკებს შეეძლებათ. თუმცა, ამავდროულად, რობოტს შეეძლება შექმნას მცირე სტატისტიკა - თუ რომელ უბანში რამდენი ნაგავია და თუ აღმოაჩენს უფრო დიდ ობიექტებს - როგორიცაა ბოთლები და პიცის ყუთები, მას შეუძლია ჩაინიშნოს ეს ინფორმაცია. მოგვიანებით ადამიანთა გუნდს ან სხვა რობოტ დამლაგებლებს შეეძლებათ წავიდნენ და შეაგროვონ ასეთი, უფრო დიდი ნივთები“ - განმარტავს დოქტორი კლაუდიო სემინი.