უკრაინამ, შესაძლოა, მალე ფრონტის ხაზზე რობოტი ძაღლები განალაგოს. ისინი ჯარისკაცებს ისეთი სახიფათო დავალებების შესრულებაში ჩაენაცვლებიან, როგორიცაა, მაგალითად, რუსული სანგრების თვალთვალი ან ნაღმების აღმოჩენა. უკრაინის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში გამართულ პრეზენტაციაზე, ლითონის ძაღლი, რომელიც ცნობილია როგორც „BAD One“ მოდელი, ოპერატორის მიერ გაცემული ბრძანებების შესაბამისად მოქმედებდა - ჯდებოდა, დგებოდა, დარბოდა და ხტებოდა. მისი შემქმნელების თქმით, რობოტი ძაღლები შეუმჩნეველნი და მოქნილები არიან. მალე ისინი შეიძლება ფრონტის ხაზზე ფასდაუდებელი მოკავშირეები გახდნენ უკრაინის არმიისთვის, რომელსაც რუსეთის შემოჭრის მოსაგერიებლად ცოცხალი ძალა არ ჰყოფნის. მიწის ზედაპირთან ახლოს ყოფნის გამო, ისინი, მტრისთვის ძნელად აღმოსაჩენნი არიან. მტრის სანგრების ან საბრძოლო ზონებში შენობების ინტერიერის შესამოწმებლად, რობოტ ძაღლებს თერმული გამოსახულების გამოყენება შეუძლიათ.

„ჩვენი მზვერავი ჯარისკაცები, უმეტეს შემთხვევაში, ძალიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები არიან, ამასთან, ყოველთვის რისკის ქვეშ იმყოფებიან“, - ამბობს ოპერატორი, რომელიც რობოტ ძაღლს სააგენტო „ფრანს პრესის“ ჟურნალისტებს უჩვენებს და საკუთარ თავს „იურის“ უწოდებს. „რობოტი ძაღლი ჯარისკაცებისთვის რისკებს ამცირებს და ზრდის ოპერატიულ შესაძლებლობებს. სწორედ ეს არის ამ ძაღლის მთავარი ფუნქცია", - განმარტავს „იური“. ის მუშაობს ბრიტანულ კომპანიაში, რომელიც სამხედრო აღჭურვილობას ამზადებს. არსებობს უფრო დახვეწილი მოდელი, რომელიც ცნობილია როგორც „BAD Two“, მაგრამ, უსაფრთხოების მიზეზების გამო, მისი საჯაროდ ჩვენება არ ხდება. პრეზენტაციის დროს გამოყენებული მოწყობილობა აღჭურვილია ბატარეით, რომელიც რობოტი ძაღლის მუშაობას დაახლოებით ორი საათის განმავლობაში უზრუნველყოფს.

რობოტი ძაღლი შეიძლება გამოყენებულ იქნას ნაღმების ან თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოსაჩენად, ასევე ფრონტის ხაზის ცხელ წერტილებში შვიდი კილოგრამამდე საბრძოლო მასალის ან მედიკამენტების მისაწოდებლად. „ვერ ვიტყვი, რამდენი ასეთი რობოტი განვათავსეთ უკრაინაში, მაგრამ ცხადია, რომ ისინი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ საბრძოლო ოპერაციებზე და გაზრდიან ჯარისკაცების უსაფრთხოებას“, - აღნიშნა „იურიმ“. იმ შემთხვევაში, თუ რობოტი ძაღლი რუსების ხელში მოხვდება, ავარიული გამომრთველი ოპერატორს საშუალებას მისცემს, მის შესახებ ყველა მონაცემი წაშალოს.

წყარო: 1 არხი - საზოგადოებრივი მაუწყებელი