შალვა პაპუაშვილი ნამახვანჰესის პროექტის შეჩერებას უცხოური დაფინანსების საკითხთან აკავშირებს და აცხადებს, რომ პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გამჭვირვალობის შესახებ კანონის საჭიროებას აჩვენებს.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნამახვანჰესთან დაკავშირებით სასამართლო დავები კვლავ მიმდინარეობს და არსებობს რისკი, რომ საქართველოს დაახლოებით 400 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისროს.
„გარდა იმისა, რომ საქართველომ მიიღო ზიანი, რომ ეს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი არ განხორციელდა, დამატებით საქართველოს ბიუჯეტიდან შეიძლება მიგვიწიოს ანაზღაურება იმ ზიანისა, რომელიც მიაყენეს მათ უცხოურმა დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაში „მწვანე ალტერნატივა“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყვნენ ჩართული. პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს ორგანიზაციები უცხოური წყაროებიდან ფინანსდებოდნენ.
„დღეს ყველამ იცის, რომ იყო აბსოლუტური ფარსი, რაც მოაწყვეს მაშინ, რათა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი ჩაშლილიყო“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშვილის შეფასებით, სწორედ ნამახვანჰესის მაგალითი აჩვენებს, რატომ მიაჩნია მას უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა მნიშვნელოვან საკითხად.
„ნამახვანჰესის ისტორია არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, რაც კი შეიძლება მიიღო პარლამენტმა ბოლო წლების განმავლობაში“, - თქვა მან.
შეგახსენებთ, ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი 2020-2021 წლებში მიმდინარეობდა. საპროტესტო აქციებს „რიონის ხეობის მცველები“ აწყობდნენ, ამ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი კი ვარლამ გოლეთიანი იყო. მონაწილეები პროექტთან დაკავშირებით ეკოლოგიურ, სეისმურ, ქონებრივ და ხელშეკრულების გამჭვირვალობის საკითხებზე მიუთითებდნენ. 2021 წლის სექტემბერში პროექტის ინვესტორმა ENKA-მ საქართველოსთან ხელშეკრულების შეწყვეტა გამოაცხადა და მიზეზებად კონტრაქტის დარღვევა და ფორსმაჟორი დაასახელა.
2026 წლის სექტემბერში აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს სასარგებლოდ 350 მილიონი დოლარისა და დარიცხული პროცენტის გადახდა დააკისრა. საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ განაცხადა. მანამდე, 2024 წელს, პარიზის სააპელაციო სასამართლომ ENKA-სთვის დაახლოებით 400 მილიონი დოლარის გადახდის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო.