„ბრიტანულ - ქართულ აკადემიასთან“ დაკავშირებით მიმდინარე დავა იმ ეტაპზეა გადასული, რომ უკვე ნათლად იკვეთება, დავის პროცესში, მხარეების მიერ დაშვებული შეცდომების ხარისხი, რაც საბოლოო ჯამში, ადრე თუ გვიან, დავის ბედს გადაწყვეტს კიდეც”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, რომელიც “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე გახმაურებულ დავის თაობაზე საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს საკუთარ მოსაზრებებს.

ცუცქირიძის მოსაზრებით, „აკადემიის“ მინორიტარი აქციონერის (30%), ნათია ჯანაშიას მთავარი შეცდომა იყო ინვესტორის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის დეფამაციური სტრატეგიით წარმოება.

„შესაძლო, ადამიანი მართლაც თვლიდეს, რომ პარტნიორთან ურთიერთობის ამა თუ იმ ეტაპზე, ამა თუ იმ ეპიზოდთან დაკავშირებით, დაიჩაგრა და უსამართლოდ დაკარგა აქტივი თუ მდგომარეობა. სხვა საკითხია, რამდენად ემყარება მისი ეს მოსაზრება ობიექტურ საფუძვლებს, მაგრამ როცა პოზიციის გამაგრებას და სასურველი მიზნის მიღწევას პარტნიორის წინააღმდეგ დეფამაციური კამპანიის წარმოებით იწყებ, ანუ ყველა საშუალებით ცდილობ მისი პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციისა და ავტორიტეტის შელახვას, ეს ყველაზე მსუბუქად რომ ითქვას, შეცდომაა, - მძიმე შეცდომა.

ეს გზა აირჩია, იმთავითვე, ნათია ჯანაშიამ და ახლა სწორედ ამ შეცდომის ნაყოფს იმკის“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

„იკვეთება, რომ მისი სტრატეგია  მარტივ გათვლას ემყარებოდა - ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული, საქართველოს უმსხვილესი კორპორაცია დაეყენებინა საერთაშორისო რეპუტაციული რისკის წინაშე და ამ ფონზე, ეიძულებინა ის, რომ ერთხელ უკვე საბაზრო ფასზე ძვირადაც კი ნაყიდი აქტივი („აკადემიის“ 70% -იანი წილი, რაშიც 29,3 მლნ ლარი გადაუხადა ნათია ჯანაშიას და მის მეუღლეს, დავით ცეცხლაძეს), მინორიტარი აქციონერისთვის დაეთმო მისივე შეთავაზებული პირობებით.

როგორც ჩანს, „აკადემიის“ მინორიტარები თვლიდნენ, რომ რეპუტაციული რისკის თავიდან აცილების მიზნით, ინვესტორი მარტივად იზარალებდა რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს და არ შევიდოდა მათთან სამართლებრივ დავაში.

მათდა სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა - ინვესტორი შანტაჟს არ დაექვემდებარა და მინორიტართან დავაში შევიდა, როგორც საქართველოს, ისე ბრიტანეთის სამართლებრივ სივრცეში.

ეს ფაქტი ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძისთვის მოულოდნელი უსიამოვნება იქნებოდა“, - აღნიშნავს ცუცქირიძე.

„თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე, ჩემთვის მაინც დღემდე ამოუხსნელი რჩება მინორიტარების გადაწყვეტილება, ინვესტორთან სამართლებრივი დავის პარალელურად, მის წინააღმდეგ ეწარმოებინათ კარგად დაგეგმილი, ფართომასშტაბიანი დეფამაციური კამპანია.

როდესაც არსებობს წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე - მხარეთა შორის თანამშრომლობის მემორანდუმი, - ანუ დოკუმენტები, რომლებიც ცალსახად და სავსებით განსაზღვრავენ მხარეთა შორის ურთიერთობების ჩარჩოს და მათ უფლება-მოვალეობებსაც ერთმანეთის წინაშე, რაც არ უნდა შელახო პარტნიორის ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, ამით საზოგადოებრივი აზრის საშენოდ გადაწონვას და მისი ლოიალობის მოპოვებას, საბოლოო ჯამში, ვერ მოახერხებ.

პირველ ეტაპზე, შესაძლოა, საზოგადოებამ გარკვეულწილად ირწმუნოს კიდეც, რომ  მინორიტარი მაჟორიტარმა დაჩაგრა და ის რეალურადაა მსხვერპლი, მაგრამ როცა შენს ამ ნარატივს ერთი საბუთითაც კი ვერ ამაგრებ და მხოლოდ ინვესტორის წინააღმდეგ მიმართული შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელებით უაპელაციოდ ხარ დაკავებული, ბუნებრივია, მოკლეე დროშივე რჩები მარტოდმარტო შენი ამ ნარატივის ამარა. ეს არის სწორედ ის მდგომარეობა, რაშიც სადღეისოდ ნათია ჯანაშია აღმოჩნდა.

ამ მასშტაბური ბიზნესდავის ბევრ კონკრეტულ დეტალზე, ახლო წარსულში, დაწვრილებით მისაუბრია და ამჯერად მათზე არ შევჩერდები, მაგრამ ის რაც დღევანდელი გადასახედიდან მკაფიოდ ჩანს, არის ის, რომ ნათია ჯანაშია ყველაზე მეტად, სწორედ ინვესტორის წინააღმდეგ მის მიერვე წარმოებულმა დეფამაციურმა კამმპანიამ დააზარალა. ეს არის მისი ყველაზე მძიმე შეცდომა ამ დავაში“, - მიაჩნია გიორგი ცუცქირიძეს.