„ჩემი აზრით, გარდაუვალია ეს ყველაფერი, დროის საკითხია, რამდენად მალე დაყენდება ყველა სახლზე მზის სადგური, სანამ ყველა მოსახლე მიიღებს ამ ხელშესახებ სარგებელს მზის სადგურისა და მზის ენერგიისგან“, – ამბობს კომპანია „სთეფ-ენერჯის“ თანადამფუძნებელი ბექა ცეცაძე.
მზის ენერგიას საქართველოში, მართლაც, დიდი პოტენციალი აქვს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ქვეყანაში დაახლოებით 280 დღე მზიანია, რაც მზის ელექტროსადგურებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია.
ეს სადგური, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ახლა 2.5 მეგავატს გამოიმუშავებს, თუმცა სამუშაოების დასრულების შემდეგ მისი სიმძლავრე 5 მგვტ იქნება.
მზის სხივებისგან მიღებულ ენერგიას პანელები გარდამქმნელს გადასცემენ, ხოლო შემდგომ ეს ენერგია ცენტრალურ ქსელში მიედინება, საიდანაც სხვადასხვა საწარმოსა თუ ბიზნესზე ნაწილდება, აქედან კი სადგურის მფლობელები მატერიალურ სარგებელს იღებენ.
„განსაკუთრებით ბოლო პერიოდის ტრენდს თუ გადავხედავთ, როგორ ვითარდება მსოფლიოში და ასევე ჩვენს ქვეყანაში განახლებადი ენერგეტიკა და კერძოდ, მზის ენერგეტიკა, მაშინ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანიებს უკვე შეუძლიათ ძალიან დიდი სარგებლის მიღება მზის სადგურისგან იმიტომ, რომ საგრძნობელ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს მზის სადგურები და უკვე ძალიან ხელსაყრელია უკუგებადობის მიხედვით ვთქვათ ჩადებული ინვესტიციის და მერე უკვე საოპერიროდ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგად და პოზიტიურად აისახება თვითონ კომპანიაზეც, ქვეყანაზეც და გარემოზე, სადაც ვცხოვრობთ“, – გვიყვება ბექა ცეცაძე.
მზის, ან როგორც მას უწოდებენ, სუფთა ენერგია, მართლაც, გარემოზე ზრუნვის ერთ-ერთი ფაქტორია, თუმცა ექსპერტები თანხმდებიან, რომ ამ გზით მიღებული ელექტროენერგია ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის.
ცხადია, მცირე საწარმოებისა და რამდენიმე ბიზნესის არჩევანი რომ განახლებადი ენერგია მოიხმარონ, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს. იმისათვის, რომ ქვეყანაში მოხმარებული ენერგიის უდიდესი წილი სუფთა ენერგიაზე მოდიოდეს, საჭიროა, რომ რიგითმა მოქალაქეებმა არჩევანი სწორედ მსგავს ტექნოლოგიებზე შეაჩერონ. თუმცა, რამდენად ხელმისაწვდომია ეს საშუალო სტატისტიკური მოქალაქისთვის?
„მე ვიტყოდი, რომ მაგალითად, სახლის შემთხვევაში, სახლზე რომ დაყენდეს მზის პანელი, უკვე საკმაოდ ხელმისაწვდომია ფართო მოსახლეობისთვის, რადგან ბოლო პერიოდში, ბოლო ორი წელია უკვე საკმაოდ გაიაფდა მზის პანელები მსოფლიოში და მასთან არსებული სხვა კომპონენტებიც, რაც საჭიროა მზის სადგურისთვის და უკვე საკმაოდ ხელმისაწვდომია ყველასთვის“, – ამბობს ბექა ცეცაძე.
სწორედ ასეთი ამბიციური გეგმა აქვს ევროკავშირს, რომ განახლებად, სუფთა ენერგიაზე წვდომა ყველა ევროპელს ჰქონდეს – მნიშვნელოვნად გაზარდოს განახლებადი ენერგიის წყაროების წილი ენერგომოხმარებაში და მაქსიმალურად შეამციროს გარემოზე მავნე ზემოქმედება. ამისათვის ევროპარლამენტმა დაამტკიცა 2019 წელს მეოთხე ენერგეტიკული პაკეტი, რომლის სახელწოდებაცაა „სუფთა ენერგია ყველა ევროპელისთვის“.
„ეს არის ევროკავშირის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2030 წლისთვის, სათბური აირების გაფრქვევების შემცირების, ენერგოეფექტიანობის გაზრდის, განახლებადი ენერგიის გაზრდისა და ამ ცვლილებისთვის ფაქტობრივად, უნდა მოხდეს, ძირეული გაუმჯობესება და გარდაქმნა, როგორც ენერგეტიკული სექტორის, ისევე ეკონომიკის“, – გვიხსნის ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი.
ენერგეტიკული სექტორის ძირეულად გარდაქმნას, ეს პაკეტი ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსაც ავალდებულებს. დოკუმენტი, თავისი სხვადასხვა შემადგენელი ნაწილებით, პირდაპირ არის მიმართული ემისიების გაფრქვევის მნიშვნელოვნად შემცირებისკენ.
გეგმის თანახმად, ევროკავშირმა 2030 წლისთვის სათბური აირების ემისია 55%-ით უნდა შეამციროს, 1990 წლის დონესთან შედარებით. ემისიების გაფრქვევის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში სწორედ მაშინ გამოვლინდა. 2050 წლისთვის კი ევროკავშირი კლიმატურად ნეიტრალური უნდა გახდეს. ეს ნიშნავს, რომ ატმოსფეროში იმდენი სათბური აირი არ უნდა გამოიყოს, რამდენიც ბუნებრივად ან ხელოვნურად შეიძლება შთანთქას.
ამ მიზნის მიღწევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიოდიზელის დანერგვა სატრანსპორტო სფეროში, თუმცა, განახლებადი ენერგიების დანერგვა სატრანსპორტო სექტორში მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის მხოლოდ მცირე კომპონენტია. ევროკავშირის მიზანია, გაერთიანებაში შემავალი ქვეყნების მიერ მოხმარებული ენერგიის 42.5% სუფთა ენერგიაზე მოდიოდეს.
განსაკუთრებით პრიორიტეტული „მწვანე“ ენერგიაზე გადასვლა ევროკავშირისთვის რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გახდა. კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავების პარალელურად, ევროკავშირი ცდილობს, რუსულ გაზზე დამოკიდებულება მაქსიმალურად შეამციროს და არსებული გეოპოლიტიკური საფრთხეების ფონზე ენერგეტიკული დამოუკიდებლობა მოიპოვოს.
„საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, ამ მიმართულებას და ამ გზას უნდა შეერთებოდა. მე საერთოდ არ მიყვარს სიტყვა ვალდებულება, ეს ვალდებულება კი არა, ეს არის შესაძლებლობა“, – ამბობს ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი.
ამ შესაძლებლობას კი, როგორც მურმან მარგველაშვილი ამბობს, საქართველო ხელიდან უშვებს, რადგან ევროკავშირთან გაუარესებული ურთიერთობების გამო რეფორმების განხორციელების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
„ამ გზაზე დახმარების ხელი იყო გამოწვდილი ევროკავშირისგან, რომ მათთან ერთად წავსულიყავით ამ მიმართულებით. ახლა ამ ახალ ვითარებაში და გარემოებებში როგორ იქნება და რა იქნება, ჯერჯერობით ისეთი ნიშანი ჩანს, რომ გაჩერდა ბევრი დახმარების პროგრამა“, – წუხს მურმან მარგველაშვილი.
იმ საწარმოების წარმომადგენლებიც, რომლებმაც არჩევანი განახლებადი ენერგიების წარმოებაზე შეაჩერეს, ამბობენ, რომ ცოდნა, გამოცდილება და ფინანსური მხარდაჭერა სწორედ ევროკავშირისგან მიიღეს.
„როცა მეკითხებიან, რა არის თქვენი ამ წლების მონაპოვარი, მე ვამბობ, რომ ცოდნა. იმიტომ რომ დღეს არიან საქართველოში ადამიანები, ჩვენი გუნდის წევრები, 2-3 ადამიანი, ვინც იცის ბიოსაწვავის წარმოება საქართველოში. ცოდნა ჩვენი მეგობრებისგან, ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, მათი მხარდაჭერით მივიღეთ. ეს არის გერმანული გამოცდილება, ესპანური გამოცდილება, პორტუგალიური გამოცდილება, გამოცდილება ნიდერლანდებიდან, რომელსაც მუდმივად ვიღებთ. მათგან ხდება, ასე ვთქვათ, ამ ცოდნის მიღება, შესაბამისად, ასე ვთქვათ, ეს აკუმულირდა, დაგროვდა და უკვე ეს ყველაფერი პრაქტიკაში გვინდა ავსახოთ, რაც ახალი გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას ნიშნავს საქართველოში“, – გვიყვება „ბიოდიზელი ჯორჯიას” მმართველი პარტნიორი მურმან პატარაია.
„ჩვენ რამდენიმე ხელშეწყობის პროგრამით გვისარგებლია, კერძოდ, შეგვიძლია რომ ამ კონკრეტულ ადგილას ეს სადგური რომ გავაკეთეთ, ჩვენ მივიღეთ „იბიარდისგან” ქეშბექი, ასე ვთქვათ, სესხით გავაკეთეთ ჩვენ პარტნიორებთან ერთად ეს სადგური და „იბიარდის” ხელშეწყობის ინსტრუმენტი იყო ეს ქეშბექი ამ სადგურზე. ჯერ ავიღეთ სესხი, გავაკეთეთ ეს სადგური და მერე ამ პროექტის სესხს მოაკლდა ეს ქეშბექები“, – ამბობს ბექა ცეცაძე, „სთეფ-ენერჯის” თანადამფუძნებელი.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გასულ წლებში საქართველომ ენერგეტიკის სექტორში არაერთი რეფორმა განახორციელა. სწორედ ამ ცვლილებებმა მისცა მოქალაქეებს შესაძლებლობა მზისგან მიღებული ენერგიის საკუთარი მიზნებისთვის მოხმარების გარდა ფინანსური სარგებელიც მიეღოთ. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ქვეყანაში ნეტო აღრიცხვის სისტემა დაინერგა.
„მომხმარებელს შეეძლო საკუთარი სახლის სახურავზე თუ ეზოში გამოემუშავა ენერგია, ნაწილი მოეხმარა მას და ნაწილი გაეშვა ქსელში და წელიწადში ერთხელ ენერგოკომპანიები ახდენდნენ ჭარბად მიწოდებული ენერგიის ანგარიშსწორებას, ანუ ენერგია იქვითებოდა ენერგიაზე“, – გვიხსნის დავით ნარმანია, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.
მეოთხე ენერგეტიკული პაკეტი კი, როგორც დავით ნარმანია განმარტავს, საქართველოს ავალდებულებს ნეტო აღრიცხვის სისტემიდან ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადავიდეს.
„რაც შეეხება ახალ მოთხოვნებს და მე-4 ენერგეტიკული პაკეტის მიდგომებს, ამის შესაბამისად მოხდება არა ენერგიის ენერგიაზე გაქვითვა, არამედ თანხის თანხაზე გაქვითვა. მომხმარებელი, რომელიც მოიხმარს ქსელიდან ენერგიას, ამისთვის მას გამოეწერება ქვითარი, ხოლო თვითონ რასაც გამოიმუშავებს და ქსელში გაუშვებს, ესეც აღერიცხება, როგორც წარმოება და ამიტომ მოხდება თანხის თანხაზე გაქვითვა. ანუ ის გადაიხდის, მომხმარებელი, რაც მოიხმარა იმ ენერგიისას ენერგოკომპანიაში და რაც ქსელს მიაწოდა, ამისთვის თვეში ერთხელ აუნაზღაურებს მას ენერგოკომპანია.
გამომდინარე იქიდან, რომ „ენერგო-პროს” ქსელში კვოტა უკვე შევსებულია, ახალი განაცხადების მიღება ვერ ხერხდება, მაგრამ ეს სისტემა განახლდება მას შემდეგ, რაც ნეტო აღრიცხვის სისტემიდან, ნეტო დარიცხვაზე გადავალთ, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონში ცვლილებას და ჩვენ დავამტკიცებთ იმ ახალ წესს, რომლითაც იქნება გაწერილი ეს დეტალური პროცედურები“.
დავით ნარმანიას თქმით, ამ ცვლილებებს საქართველოს პარლამენტი მიმდინარე წლის ივნისში დაამტკიცებს.
„ახლა არის რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, რომლებიც არის მომზადებული და იმედია, ეს მაინც დამტკიცდება და მაინც იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ამ ყველაფრის განხორციელებას სჭირდება, პოლიტიკური ნება და რესურსები. დამტკიცებულია შარშან, ივლისში საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა, რომელშიც ჩაწერილია, რომ 2030 წლისთვის, საქართველოში ენერგეტიკულ მოხმარებაში განახლებადი ენერგიის წილი უნდა იყოს 27,4%. რაც საკმაოდ რთული მისაღწევი მაჩვენებელია და ჯერჯერობით ეს არის საკანონმდებლოდ დამტკიცებული მიზანი, ამოცანა, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს, მაგრამ მის განხორციელებას ყოველდღიური და ყოველთვიური, ინტენსიური მუშაობა სჭირდება ბევრ სხვადასხვა სფეროში“, – აცხადებს მურმან მარგველაშვილი.
განახლებადი ენერგიის წყაროების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის წახალისება ეკონომიკის სამინისტროს ვალდებულებაა. ასევე სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკის მიმართულებებში წერია, რომ საქართველოში არსებული ჰიდრორესურსები, სხვა განახლებადი რესურსები და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო საშუალებას იძლევა ქვეყანა სუფთა ენერგიის წარმოების და ამ ენერგიით ვაჭრობის რეგიონულ ცენტრად იქცეს.
რა პროექტები ხორციელდება ამ მიზნის მისაღწევად, ასევე როგორ წაახალისებს ხელისუფლება ბიზნესსა თუ მოქალაქეებს განახლებადი ენერგიების წყაროები დანერგონ, ან აქვს თუ არა საქართველოს იმის რესურსი, რომ ევროკავშირთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე, შეასრულოს მეოთხე ენერგეტიკული პაკეტით გათვალისწინებული ვალდებულებები? – ამ კითხვებზე პასუხების მიღებას „ევრონიუს ჯორჯია“ ეკონომიკის სამინისტროსგან შეეცადა, თუმცა უწყებამ კითხვები უპასუხოდ დატოვა.
„ჩვენი ძალებით, ჩვენი ცოდნითა და ჩვენი რესურსებით, სავარაუდოდ, ვერ ავუწყობთ ფეხს და ვერ განვახორციელებთ ისეთსავე რეფორმებს, რომლებიც იყო დაგეგმილი და რაც მიმდინარეობდა. თუ ჩვენი ქვეყანა ამის მობილიზებას მოახერხებს, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის მოდერნიზაციისკენ. თუ არადა, ვიქნებით, როგორც ვართ“, – ამბობს ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი.
წყარო: UERONEWS GEORGIA