“ჩვენი ამოცანაა შევქმნათ გარემო, სადაც უნივერსიტეტებში და კვლევით ცენტრებში შექმნილი ცოდნა სწრაფად გადადის ბაზარზე, ხდება ტექნოლოგიური სტარტაპების საფუძველი და ქმნის ახალ ეკონომიკურ ღირებულებას. სწორედ მეცნიერების კომერციალიზაცია არის გზა, რომელიც იდეებს აქცევს პროდუქტებად, ხოლო პროდუქტებს – გლობალურ კომპანიებად”- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტის, ანტონიო კამპინოსის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
„კვლევებიდან შედეგებამდე – პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში“- კონფერენცია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ორგანიზებით ჩატარდა.
პანელურ დისკუსიაში - „ინოვაცია, როგორც ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა“- ავთანდილ კასრაძემ ყურადღება გაამახვილა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტრატეგიისა და პრიორიტეტების შესახებ შემდეგ მიმართულებებზე: ტექნოლოგიების გადაცემისა და ინოვაციების მხარდაჭერის ინსტიტუციური ხედვა; ინოვაცია, როგორც ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა GITA - ს როლზე კვლევისა და გამოგონებების სფეროში ხელშემწყობ მექანიზმებზე და ამ მიმართულებით სტარტაპებთან მუშაობის სტრატეგიასა და იმ მთავარ ფაქტორებზე, რომელიც განსაზღვრავს წარმატებულ სტარტაპად ჩამოყალიბებას. ავთანდილ კასრაძემ აღნიშნა, სტარტაპ ეკოსისტემა მაშინ ხდება ძლიერი, როცა მეცნიერება რეალურ ბიზნესად გარდაიქმნება.
ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს