„საქართველო საერთაშორისო პროფესიონალებისთვის მიმზიდველი გახდება“, - ასე აფასებს IT სპეციალისტებისთვის ბინადრობის წესების განსაზღვრას საქართველოს ICT ასოციაციის თავმჯდომარე თორნიკე სულაბერიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, IT სპეციალისტებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად წესები დაადგინა. ახალი რეგულაციების მიხევდით, ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე უცხოელები ბინადრობის უფლების მოპოვებას შეძლებენ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქმიანობიდან წლიური შემოსავალი 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტზე ნაკლები არ არის.

„IT სპეციალისტების ბინადრობის ნებართვებთან დაკავშირებული ცვლილებები ჩვენი ინდუსტრიისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. საკმაოდ ბევრ ევროპულ ქვეყანას აქვს მსგავსი ნებართვები. ცვლილებების შედეგად საქართველო საერთაშორისო პროფესიონალებისთვის მიმზიდველი გახდება. IT სპეციალისტები შეძლებენ, IT ბინადრობის უფლება აიღონ, საქართველოდან განახორციელონ საქმიანობა და მომსახურება გაუწიონ საერთაშორისო კომპანიებს“, - აღნიშნავს ასოციაციის თავმჯდომარე.

ამასთანავე, თორნიკე სულაბერიძე განმარტავს, რატომ გახდა საჭირო ბინადრობასთან დაკავშირებით ცვლილებების გატარება. მისი თქმით, უკრაინაში ომი დაწყების შემდეგ, საქართველოში ბევრი IT სპეციალისტი ჩამოვიდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ბინადრობასთან დაკავშირებით არსებობდა გამოწვევები, ქვეყანამ მათი შენარჩუნება ვერ შეძლო. აქედან გამომდინარე, ასოციაციის განმარტებით, კადრების შენარჩუნებისთვის საჭირო გახდა ცვლილებების გატარება.

„2022 წელს, როდესაც ომი დაიწყო უკრაინაში, ძალიან ბევრი უცხოელი IT სპეციალისტი გადმოვიდა საქართველოში. ამასთანავე, საქართველოში გადმოვიდნენ საერთაშორისო კომპანიები. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო კომპანიის შესახებ სტატუსი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულ საგადასახადო შეღავათებს IT კომპანიებისთვის. ამ მიმართულებით ჩვენ მზად დავხვდით საერთაშორისო კომპანიებს, რომ გადმოსულიყვნენ და საქართველოში გაეხსნათ ოფისები.

თუმცა დასაქმების ნაწილში ჩვენი შრომითი გარემო არ იყო შესაბამისი, არ გვქონდა IT ბინადრობა, სხვა ტიპის ბინადრობის აღება კი არ არის მარტივი და მოქნილი. ბოლო წლებში დაფიქსირდა ამ გადმოსული კადრების შემცირება, ბევრი ადამიანი გადიოდა საქართველოდან, რადგან ისინი იურიდიული ყოფნის უფლებას ვერ იღებდნენ. ეს კადრები გადადიოდნენ ისეთ ქვეყნებში, რომლებიც მათ ბინადრობის უფლებას მარტივად სთავაზობდნენ; ასეთი ქვეყნები იყო ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, სერბეთი, პორტუგალია და სხვა ევროპული და არაევროპული ქვეყნები. შედეგად, საერთაშორისო კომპანიების რაოდენობა იზრდებოდა, მაგრამ იკლებდა გადმოსული IT სპეციალისტების რიცხვი. ამ ფონზე საჭირო იყო ცვლილებების გატარება, რათა არამარტო მოგვეზიდა ახალი ტალანტები საქართველოში, არამედ შეგვენარჩუნებინა“, - ამბობს თორნიკე სულაბერიძე.

რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, ICT ასოციაციას აქვს მოლოდინი, რომ ცვლილებებს როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი ეფექტი ექნება საქართველოს ბიუჯეტზე.

„ცვლილებებს როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი ეფექტი ექნება ბიუჯეტზე. გამომდინარე იქიდან, რომ უფრო მეტი უცხოელი გადმოვა საქართველოში და აქედან იმუშავებენ, საშემოსავლო გადასახადი აისახება საქართველოს ბიუჯეტზე. რაც შეეხება ირიბ ეფექტს, ეს ადამიანები იქნებიან მაღალანაზღაურებადი სპეციალისტები, მათი ხელფასი, ნახავდით, რომ წელიწადში 25 ათას დოლარზე ნაკლები არ უნდა იყოს და გარკვეულ დროს უნდა ატარებდნენ საქართველოში. ამ ფონზე ბუნებრივია, რომ ისინი თავის ხელფასს საქართველოს ეკონომიკაში დახარჯავენ და ეს ბიუჯეტზეც აისახება“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას თორნიკე სულაბერიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვები გაიცემა 6 თვიდან 3 წლამდე ვადით. გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა შეიძლება, გაგრძელდეს 3-3 წლით, არაუმეტეს 12 წლამდე.

IT სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება იმ შემთხვევაშიც, თუ ამ ნებართვის მქონე პირი არ იმყოფება საქართველოში 183 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში.

ბიზნესპრესნიუსი