ხელოვნური ინტელექტის საფრთხე ბევრად უფრო მასშტაბურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. AI აგენტები არა მხოლოდ გიგანტური ციფრული პლატფორმების შემოსავლებს შეამცირებენ, არამედ სრულიად გამოუსადეგარს გახდიან იმ მონაცემებსაც, რაზეც ამ პლატფორმებმა თავიანთი კონკურენტული უპირატესობა ააშენეს. პლატფორმების უნარი, იწინასწარმეტყველონ მომხმარებლის სურვილები მათი ვებსაიტზე ქცევის მიხედვით, სრულად ჩანაცვლდება AI-ს შესაძლებლობით, ამოიცნოს ადამიანის რეალური განზრახვა მისი ინტერაქციების სრულ სპექტრზე წვდომით.
ისტორიულად, პლატფორმები ფულს რეკლამებიდან, ტრანზაქციების საკომისიოებიდან, ხელმოწერებიდან და ისეთი ეკოსისტემური სერვისებიდან აკეთებდნენ, როგორიცაა ქლაუდ კომპიუტინგი, ლოგისტიკა და გადახდები. როდესაც მომხმარებლები ძიებას, არჩევანსა და შესრულებას AI აგენტებს გადააბარებენ, ის ინტერაქციული ზედაპირი, რაზეც ეს შემოსავლები დგას, უბრალოდ გაქრება და ღირებულება პლატფორმებიდან კვლავ მომხმარებლებისკენ დაბრუნდება.
სარეკლამო შემოსავლები
პლატფორმებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროდ რეკლამა რჩება. 2024 წელს, მაგალითად, რეკლამამ Google-ის შემოსავლების დაახლოებით 75%, ხოლო Meta-ს შემოსავლების 97% შეადგინა. როგორც აღვნიშნეთ, ის Amazon-ის ყველაზე მომგებიანი სეგმენტიც იყო. ვინაიდან მომხმარებლები სულ უფრო იშვიათად იყენებენ ინდივიდუალურ ინტერფეისებს საუკეთესო ვარიანტის მოსაძებნად, პლატფორმები კარგავენ შესაძლებლობას, მონაცემებზე დაყრდნობით მომხმარებელთა ყურადღება მიზნობრივი სარეკლამო სივრცის გაყიდვით ფულად აქციონ.
ამის ნაცვლად, ადამიანები AI აგენტებს მიმართავენ. ეს აგენტები მათ ბევრად უფრო ჰოლისტიკურად აღიქვამენ, ინფორმაციას პირდაპირ ამუშავებენ, დამოუკიდებლად აფასებენ ვარიანტებს და ან რეკომენდაციას გასცემენ, ან პირდაპირ მოქმედებენ მომხმარებლის სახელით. AI აგენტები არა მხოლოდ ათავისუფლებენ ადამიანებს დაუსრულებელი არჩევანით გამოწვეული კოგნიტური დატვირთვისგან, არამედ სრულიად აქრობენ რეკლამაზე დამოკიდებული პლატფორმების სტიმულებს. რადგან მანქანა რეკლამას ვეღარ „ხედავს“ და მასზე არ აკლიკებს, ყურადღების მონეტიზაცია შეუძლებელი ხდება.
ტრანზაქციების საკომისიოები
პლატფორმები თითოეული გაშუალებული ტრანზაქციიდან გარკვეულ პროცენტს იღებენ. მათ შექმნეს ბარიერები, რათა მომხმარებლის ყურადღება, მონაცემები და ტრანზაქციები საკუთარ ეკოსისტემაში ჩაკეტონ. ეს ადამიანებისთვის ალტერნატივების შედარებას ან პროვაიდერის შეცვლას რთულს, შრომატევადსა და ძვირადღირებულს ხდის.
აგენტური AI ამ ლოგიკას სრულად ანგრევს. აგენტები ეძებენ ყველა პლატფორმაზე, შლიან შეთავაზებებს, წამიერად ადარებენ ფასებს და მყიდველებს იმ პროვაიდერთან ამისამართებენ, რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს მათ საჭიროებებს.
გამოწერები
ბევრი პლატფორმისთვის გამოწერები შემოსავლის მთავარი წყაროა. 2024 წელს მხოლოდ Amazon-ს დაახლოებით 250 მილიონი Prime-ის ფასიანი გამომწერი ჰყავდა, რამაც კომპანიას 44.37 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა. ადამიანებისგან განსხვავებით, აგენტები ყოველი ტრანზაქციისას ცივი გონებით აფასებენ, ამართლებს თუ არა Prime-ის სარგებელი მის ფასს და მათზე ეს ფსიქოლოგიური ფაქტორები არ მოქმედებს. როცა მომხმარებლის ნაცვლად AI აგენტი მოქმედებს, გამოწერის ბევრი სარგებელი, როგორიცაა სწრაფი მიტანა, ურეკლამო ყურება თუ პრემიუმ რეკომენდაციები, აზრს კარგავს. აგენტს წამიერად შეუძლია შეადაროს ჯამური ხარჯი ყველა პროვაიდერთან, რაც „Prime-ის უფასო მიტანას“ უსარგებლოს ხდის, თუ სხვაგან პროდუქტი ჯამში უფრო იაფი ჯდება.
კონკურენტული უპირატესობის დაკარგვა
მომხმარებლები AI აგენტებს უზიარებენ თავიანთ შფოთვებს, კომპლექსებს, მისწრაფებებსა და შეზღუდვებს, რასაც რითეილერის ჩატბოტს არასდროს გაანდობდნენ. AI აგენტმა ზუსტად იცის, როდის უჭირს ადამიანს ფინანსურად, როდის რცხვენია შენაძენის გაკეთების ან როდის ყიდულობს დროის სიმცირის გამო. ეს ქმნის პერსონალიზაციის ისეთ დონეს, რომელსაც პლატფორმები, თავიანთი უზარმაზარი მონაცემების მიუხედავად, უბრალოდ ვერ შეედრებიან. AI-ის მომხმარებლები არა მხოლოდ გრძნობენ, რომ მათი ესმით, არამედ გრძნობენ, რომ მათ რეალურად „ხედავენ“.
პლატფორმები ხედავენ ქცევას, აგენტები კი ამოიცნობენ განზრახვას. პლატფორმები პერსონალიზაციას აკეთებენ საკუთარი კედლების შიგნით, აგენტები კი – მომხმარებლის მთელი ცხოვრების მასშტაბით. გარდაუვალია, რომ ლოიალობა პლატფორმიდან AI აგენტზე გადავა.
რა შეუძლიათ გააკეთონ პლატფორმებს?
წინააღმდეგობის გაწევა
ყველაზე სწრაფი იარაღი, რაც პლატფორმებს აქვთ, იურიდიული და ტექნიკური ბარიერებია, რამაც შეიძლება გარკვეული დრო მოაგებინოს. კარგი მაგალითია Amazon-ის შარშანდელი სარჩელი Perplexity-ის, AI სავაჭრო ასისტენტის მფლობელის წინააღმდეგ. Amazon ამტკიცებდა, რომ Perplexity თავის აგენტებს მალავდა, რათა მათ რითეილერის ვებსაიტზე მონაცემებზე წვდომა მისი თანხმობის გარეშე მიეღოთ. მიმდინარე წლის მარტში ამერიკის სასამართლომ Amazon-ის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და წინასწარი განკარგულებით Perplexity-ის აგენტებს Amazon-ის საიტზე შესვლა აუკრძალა.
ადაპტაცია
დროის მოგებასთან ერთად, პლატფორმები საკუთარ AI აგენტებს ქმნიან მომხმარებლებთან ურთიერთობის დასაცავად. Amazon-ის ფუნქცია Buy for Me არის მცდელობა, თავად გააკონტროლონ აგენტური ფენა, ნაცვლად იმისა, რომ ის მესამე მხარეს დაუთმონ. Google-მაც წარმოადგინა AI აგენტები, რომლებიც თქვენ მაგივრად რეკავენ მაღაზიებში, ხოლო Visa და Mastercard ავტონომიური AI შესყიდვებისთვის აუტენტიფიკაციის პროტოკოლებს ქმნიან.
პლატფორმების ნებისმიერი გრძელვადიანი სტრატეგია უნდა ემყარებოდეს იმის გააზრებას, რომ მათი დომინირების ეპოქა დასრულდა. მომავალში ისინი კონკურენციას გაუწევენ არა ადამიანებს, არამედ ერთმანეთს, რათა AI აგენტებმა აირჩიონ ისინი. ასეთი პლატფორმები სრულად ცვლიან თავიანთ სტრატეგიას, რათა აგენტებისთვის მზად იყვნენ. ისინი ინვესტირებენ API-სტანდარტების არქიტექტურაში, მანქანისთვის წაკითხვად პროდუქტის მონაცემებში, რეალური დროის ფასების განახლებებსა და ვერიფიკაციის სერვისებში, რომელთა გამოყენებაც AI აგენტებს ავტომატურად შეეძლებათ.
წყარო: HBR, www.marketer.ge