უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ, კერძოდ კი, მე-13 ბრიგადამ რუს ოკუპანტებთან თავდაცვითი ბრძოლისას ოპერაცია ხელოვნური ინტელექტისა და რობოტების მეშვეობით  ჩაატარა.

ხარკივის ფრონტზე დაგეგმილ სამხედრო მოქმედებებში მრავალი რობოტი  და უპილოტო საფრენი აპარატი იყო გამოყენებული, მათ შორის სახმელეთო რობოსისტემები, გამნაღმველი და გამნაღმველი დრონები, თვითმკვლელი დრონები, მობილური ქვემეხები და ასე შემდეგ.

ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. როგორც ექსპერტები ამბობენ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება უფრო დახვეწს საბრძოლო მოქმედებების სიზუსტეს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა კიევმა უკვე დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც იმავეს ვკითხულობთ:

„თავდაცვის სამინისტრო  იკვლევს შესაძლებლობას, შექმნას საცდელი ადგილი, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ოპერაციების დახვეწას შეძლებენ.  პროექტი ითვალისწინებს თანამგზავრული გადაღებისა და აეროფოტოსაშუალებების ანალიზის ახალი მიდგომების გამოყენებას პრაქტიკაში. ის ასევე დაგვეხმარება,  დაჩქარდეს სახიფათო ტერიტორიების შესწავლის პროცესი, რომელიც, თავისთავად,  შეამცირებს რისკებს.“

უკრაინის სახმელეთო ჯარებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით პერსონალის მომზადების პროცესია ასახული. უკრაინის მცველები ამ საწვრთნელ პოლიგონზე ლოგისტიკის, დაჭრილების ევაკუაციისა და საცეცხლე მხარდაჭერის ამოცანების შესრულებაში ვარჯიშობენ.

თანამედროვე ომებმა რადიკალურად შეცვალა საბრძოლო მოქმედებების წარმოების მეთოდები. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დროს მნიშვნელოვნად დაიხვეწა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების საშუალებები და ტაქტიკა.

ახლა კი საბრძოლო მოქმედებებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა იწყება. როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, სახმელეთო ოპერაციებში სულ უფრო მეტად იყენებენ რობოტებს.

წყარო: euronews georgia