Tesla-სა და Ford-ის შემდეგ, ენერგოეფექტურობის მზარდ ბაზარზე საკუთარი წილის დაკავება უკვე GM-საც სურს. მიზეზი მარტივია, ამერიკაში ელექტრომობილების ბუმი შენელდა, დიდი, სტაციონარული ელემენტების გაყიდვები კი ბოლო ორ წელში უბრალოდ გაორმაგდა. ექსპერტების პროგნოზით, 2030 წლისთვის წლიური დადგმული სიმძლავრე 110 გიგავატ-საათს გადააჭარბებს – ეს კი დღევანდელზე ორჯერ მეტია.
ამ მკვეთრ ნახტომს სამი გლობალური ტენდენცია განაპირობებს. უმთავრესი ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო მონაცემთა ცენტრების მშენებლობაა, რომელთა ენერგომოთხოვნა ათწლეულის ბოლომდე საგრძნობლად მოიმატებს. პარალელურად, ელექტროფიკაციაზე გადადის ტრანსპორტი, მრეწველობა და გათბობა-კონდიცირების სისტემებიც.
ეს პოტენციალი სტარტაპებსაც იზიდავს. მაგალითად, Base Power-მა ოქტომბერში 1 მილიარდი დოლარი მოიპოვა გაფართოებისთვის, Lunar Energy-მ კი – 232 მილიონი დოლარი სახლის ელემენტების გასაყიდად.
GM-ის სტრატეგია
ამ ეტაპზე, ბაზრის 82%-ს Tesla აკონტროლებს. მისი შემოსავალი ენერგის მიმართულებით, 2023 წლის შემდეგ გაორმაგდა, მარჟა კი 30%-ს აღწევს, რაც ორჯერ მეტია ელექტრომობილებიდან მიღებულ მოგებაზე. შედარებისთვის, GM-ის საერთო მარჟა ბოლო 15 წელში საშუალოდ 11% იყო.
მიუხედავად ამისა, GM-ი პროცესებს არ აფორსირებს. მათი ნატრიუმ-იონური ელემენტები გაყიდვაში მხოლოდ ათწლეულის ბოლოს ჩაეშვება. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ლოდინი ამართლებს, ნატრიუმი იაფია, ბუნებაში უხვად მოიპოვება, არ სჭირდება რთული გაგრილება და მეტ დამუხტვის ციკლს უძლებს, ვიდრე ლითიუმ-იონი.
რაც მთავარია, ჩინეთს ნატრიუმის ბაზარი ჯერ არ აქვს მონოპოლიზებული, როგორც ეს კობალტისა და ლითიუმის შემთხვევაში მოხდა, რაც GM-ს მიწოდების ჯაჭვის დამოუკიდებლობის გარანტიას აძლევს.
რატომ არ გამოიყენა GM-მა მზა ლითიუმის ელემენტები?
GM-ს შეეძლო Tesla-სა და Ford-ის მსგავსად, ქარხნებში არსებული ლითიუმ-იონური ელემენტები გამოეყენებინა, თუმცა კომპანიას კვლავ სჯერა ელექტრომობილების მომავლის. მენეჯმენტს არ სურს საწარმოო სიმძლავრეების სხვაგან გადატანა, რათა EV ბზრის ხელახალი ბუმის დროს მოუმზადებელი არ აღმოჩნდეს.
ეს აღმავლობა ნაწილობრივ თავად GM-ზეა დამოკიდებული. კომპანია მუშაობს LMR ფორმულაზე, რომლის გამოსვლაც 2028 წელს იგეგმება. LMR ტექნოლოგია ახალი ელექტრომობილის ფასს 10%-ით შეამცირებს, რაც მათ ღირებულებას ტრადიციული, შიდაწვის ძრავიანი მანქანების ფასს გაუტოლებს და მთავარ ბარიერს მოხსნის.
LMR-ის შემდეგ კი ნატრიუმ-იონს შეუძლია საავტომობილო ინდუსტრიის რევოლუცია. ნატრიუმის ბატარეებზე მომუშავე მანქანები მართალია უფრო მძიმეა, თუმცა ბევრად იაფია, არ იწვის და სწრაფად იტენება, რაც იდეალური კომბინაციაა ბიუჯეტური მოდელებისთვის.
რა თქმა უნდა, ფრთხილი მოქმედება რისკებს შეიცავს – თუკი AI ბუშტი გასკდება და მონაცემთა ცენტრების მშენებლობა შეჩერდება, GM-მა შესაძლოა ეს ტალღა გამოტოვოს. თუმცა, კომპანიაში დარწმუნებულები არიან, რომ ნატრიუმზე გაკეთებული ფსონი ნებისმიერ სცენარში გაამართლებს: ბაზრის შესაძლო კლებისას გადამწყვეტი სწორედ საუკეთესო ტექნოლოგიის ფლობაა. მიუხედავად ამისა, გუნდი აქტიურად ეძებს ალტერნატიულ გზებს ენერგობაზარზე უფრო სწრაფად შესასვლელად.
წყარო: Techcrunch; www.marketer.ge