ანტარქტიდის ყინულის საფარის ქვემოთ სრულიად დაფარული სამყარო იმალება: მეცნიერებმა აღმოაჩინეს სხვადასხვა სახეობის ბიომები, დაფარული მდინარეები და ტბები, მთები და ხეობები, პრიმიტიული ბაქტერიები და უძველესი ეკოსისტემების ნარჩენებიც კი.

ანტარქტიდის ტერიტორიის თითქმის 90% სქელი ყინულით არის დაფარული, რომლის სიღრმეც საშუალოდ 2.2 კილომეტრია და ასეა უკვე, დაახლოებით 34 მილიონი წლის განმავლობაში. მეცნიერებმა კი ამ დრომდე მხოლოდ ზედაპირულად შეისწავლეს ის, რაც ამ იდუმალი კონტინენტის სიღრმეში იმალება.

„ამაღელვებელია ამ წარსულ სამყაროში შეღწევა და იმის გაგება, თუ როგორ განვითარდა ეს კონტინენტი დროთა განმავლობაში და რას ნიშნავს ეს. რას გვეუბნება ეს ჩვენი საკუთარი არსებობის შესახებ ამ პლანეტაზე?“ - განუცხადა Live Science-ს იოჰან კლაგესმა, გერმანიის ალფრედ ვეგენერის ინსტიტუტის სედიმენტოლოგმა, რომელიც ანტარქტიდის კლიმატის ისტორიას იკვლევს.

კლაგესმა ანტარქტიდაში მუშობისას პირველი ქარვის ნამარხი აღმოაჩინა - იმ უძველესი ტროპიკული ტყის ნაშთი, რომელიც კონტინენტს დაახლოებით 90 მილიონი წლის წინ ფარავდა. მეცნიერი ვარაუდობს, რომ მომავალ ექსპედიციებში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტ ქარვას აღმოაჩენენ.

ანტარქტიდაზე ასევე მდებარეობს 400-ზე მეტი წყალქვეშა ტბა. უდიდესი მათგანი „ვოსტოკი“ ზედაპირიდან 4 კილომეტრის სიღრმეზეა. „და რა არის იქ? ალბათ მიკრობები. მაგრამ ასევე, ყინულის უზარმაზარი წნევის გამო, სავარაუდოდ, ისეთი სიცოცხლეც, რომელიც დედამიწაზე სხვაგან არ გვხვდება“, - ამბობს კლაგესი.

მეცნიერებმა ყინულის ქვეშ სამყაროს შესასწავლად რადარები გამოიყენეს. ისინი აცხადებენ, რომ ყინულით დაფარული სამყაროს შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შესაძლებელი იყოს იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება ყინულის დნობის შემთხვევაში.

წყარო: imedinews.ge