ახალი კვლევები ეჭვქვეშ აყენებს დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ადამიანებმა კატები დაახლოებით 9000 წლის წინ ახლო აღმოსავლეთში მოიშინაურეს.
ორი სამეცნიერო კვლევის მიხედვით, მოშინაურების პროცესი შესაძლოა ბევრად გვიან დაწყებულიყო - მაგალითად, ძველ ეგვიპტეში ან ჩრდილოეთ აფრიკის სხვა რეგიონებში. როგორც ირკვევა, ადრეულ ეტაპზე გარეული კატები ხშირად გამოიყენებოდნენ რიტუალური მიზნებისთვის ან მათი ბეწვისთვის და არა როგორც შინაური ცხოველები.
ადრე მიიჩნეოდა, რომ კატებმა და ადამიანებმა დაახლოება ნეოლითის პერიოდში ე.წ. ნაყოფიერი ნახევარმთვარის რეგიონში დაიწყეს. სწორედ ეს ადგილი ითვლება სოფლის მეურნეობის აკვნად და სავარაუდოდ, კატებს ადამიანის დასახლებებში მღრღნელების სიმრავლე იზიდავდა. თუმცა ახალი მონაცემები მიუთითებს, რომ მოშინაურების პროცესი უფრო გვიანი და რთული იყო.
მკვლევრები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ეგვიპტეს, სადაც კატები პატივისცემით სარგებლობდნენ და შესაძლოა პირველად იქ იქცნენ სრულად შინაურ ცხოველებად, რომლებიც ინტეგრირებულნი იყვნენ ადამიანის საზოგადოებაში.
ეს აღმოჩენები ცვლის ჩვენს წარმოდგენას კატების მოშინაურების ისტორიის შესახებ, და აჩვენებს, რომ იგი შესაძლოა ბევრად უფრო რთული და გეოგრაფიულად მრავალფეროვანი ყოფილიყო, ვიდრე ამას აქამდე ვფიქრობდით.
ერთ-ერთ ახალ კვლევაში მეცნიერებმა უძველესი კატების ნაშთების გენეტიკური ანალიზი ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ ევროპასა და თურქეთში ნაპოვნი კატები, რომლებიც თარიღდება დაახლოებით 11,000-დან 2,300 წლის წინანდელი პერიოდით თარიღდება, თანამედროვე შინაური კატების პირდაპირი წინაპრები არ არიან. ეს იყო ევროპული ველური კატები (Felis silvestris), რომლებიც ბუნებრივად წყვილდებოდნენ აფრიკულ ველურ კატებთან იმ არეალებში, სადაც მათი გავრცელება ერთმანეთს ეკვეთებოდა.
კატების ფართომასშტაბიანი მუმიფიკაციის მტკიცებულებების საფუძველზე, რაც დაკავშირებული იყო ქალღმერთ ბასტეტის კულტთან, მეორე კვლევა ასკვნის, რომ კატების მოშინაურების მთავარი ცენტრი, შესაძლოა, ეგვიპტე იყო. მიუხედავად იმისა, რომ კატებს, სავარაუდოდ, თავდაპირველად მღრღნელებით სავსე სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები იზიდავდა, მეცნიერების ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, მათ რელიგიური რიტუალებისთვის საჭირო მუმიების წარმოებისთვის ამრავლებდნენ. სწორედ ასეთი ფართომასშტაბიანი გამრავლების პრაქტიკამ ჩაუყარა საფუძველი მოშინაურების პროცესს.