"ელიბოს მარნის" დამფუძნებლის, შალვა ხუციშვილის შეფასებით, ჩინეთში პროდუქციის ექსპორტი, თუ ყველა დაინტერესებული გლეხისთვის, მეწარმისთვის გაცილებით ხელმისაწვდომი გახდება, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე დადებითად აისახება.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" ტურისტული ობიექტის წარმომადგენელი აღნიშნავს, ზოგადად, ჩინეთში ექსპორტის განხორციელება ცოტა რთული პროცესია, რადგან დიდი ბაზარია.
მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ქვეყანას, კერძოდ, ნებისმიერ ბაზარზე საკუთარი ნიშის დაკავება კარგია, როდესაც მეორე მხარე რეალურ თანხას იხდის.
"მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსი არ ვარ, როგორც ბიზნესის წარმომადგენელმა შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე, ძირითადად ჩინეთიდან პროდუქცია შემოგვაქვს. ჩინეთში ექსპორტი ცოტა რთულია, ერთეულებს პროდუქცია გააქვთ, მაგრამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ყველა დაინტერესებული გლეხისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. აღნიშნული ინიციატივა, თუ ყველა გლეხისთვის, მეწარმისთვის ხელმისაწვდომი იქნება, ცხადია, მივესალმები - ნებისმიერი ბაზარი კარგია, როდესაც რეალურ თანხას იხდიან. ცხადია, რაც მეტ ქვეყანაში გავალთ საქართველოს ეკონომიკისთვის უმჯობესია. ჩინეთის ბაზარს ფაქტობრივად ვერ ავუვალთ იმდენად დიდია, როგორც აშშ-ის, რუსეთის ბაზარს", - აღნიშნავს შალვა ხუციშვილი.
ცნობისთვის, "ელიბოს მარანი" და ვენახი კახეთში, ართანაში მდებარეობს, ვენახის ფართობი 2 ჰექტარია. ტურისტული ობიექტი ამჟამად, ძველი ტრადიციული კახური მეთოდით რამდენიმე სახეობის ღვინოს რქაწითელს, ქისს და საფერავს აწარმოებს.
ცნობისთვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ეწერება ხელი.