“ჩვენი მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონში ინოვაციის ჰაბად, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ღირებულების ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნას და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას, რისთვისაც აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორობა და გლობალურ ბაზრებზე წვდომა”, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ ნიუ-იორკში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე “Outbound Summit 2026” განაცხადა.

World Talents-ის ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაზე - „ოქროს ვიზის მიღმა: კაპიტალიდან ეკონომიკურ წვლილამდე“, GITA-ს თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს გამოცდილება გაუზიარა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბზე, საერთაშორისო ტალანტების მოზიდვასა და ქვეყანაში ოთხი გლობალური აქსელერატორის - Plug and Play-ს, Startupbootcamp-ის, 500 Global-ისა და Founder Institute-ის საქმიანობაზე.

„ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბითა და ოთხი საერთაშორისო აქსელერატორის ჩართულობით, ვავითარებთ გარემოს, რომელიც აერთიანებს ცოდნას, თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობებს,“ - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

სიტყვით გამოსვლისას სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა მთავრობის როლზე საერთაშორისო კავშირების დამყარებაში, საინვესტიციო ფონდებისა თუ აქსელერატორების მხარდაჭერაში და ხაზი გაუსვა სტარტაპების დამფუძნებლების პასუხისმგებლობას - არსებული შესაძლებლობები რეალურ ბიზნესშედეგებად აქციონ. დისკუსიისას განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ინოვაციური სტარტაპებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა.

ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს