Meta-ს უახლესი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტით შრიფტის დიზაინის შექმნა ჩვეულებრივი ტექსტური ბრძანების დაწერასავით მარტივი ხდება. კომპანიამ ფოტოებისა და მოკლე ვიდეოების დასამუშავებელ დამოუკიდებელ აპლიკაციაში, სახელად Edits, ახალი ფუნქციები ჩაუშვა. მათ შორისაა შრიფტებისთვის განკუთვნილი ხელოვნური ინტელექტის სტილი, რომელიც მომხმარებლებს ტექსტის დამოუკიდებლად მორგების საშუალებას აძლევს. ეს ფუნქცია Microsoft Word-ის კლასიკური WordArt-ის თანამედროვე ვერსიას წააგავს, ოღონდ ამ შემთხვევაში პროცესს ხელოვნური ინტელექტის ტექსტური ბრძანებები მართავს.
მისი პოვნა ტექსტის რედაქტირებისას, წერისა და შრიფტის არჩევის ღილაკებს შორის მოთავსებული სტილის შეცვლის ხატულაზე დაჭერით მარტივადაა შესაძლებელი. შეთავაზებული ბრძანებების სია ნათლად აჩვენებს ხელმისაწვდომ შესაძლებლობებს, ხოლო ჩატვირთვის ეკრანზე ანიმირებული პლუს ნიშნების პატერნი ჩნდება. მაგალითად, პოპ-არტის სტილის არჩევისას ბრძანების ველი უფრო დეტალური ინსტრუქციებით ივსება, რომელიც კომიქსების მსგავსი შრიფტის, პოსტერისებრი ჩრდილების, მკვეთრი ფერების, სქელი კონტურებისა და ასოებიდან გამომავალი დიდი ფორმების შექმნას ითვალისწინებს, ფონზე კი აფეთქების ეფექტით. შედეგად, ტექსტი მართლაც ზუსტად ისეთია, როგორიც კომიქსებში გვხვდება. ტყის თემატიკის არჩევისას კი იქმნება ტექსტის სტილი, სადაც ასოებიდან ტოტები, ფოთლები და უამრავი თეთრი, იისფერი და ყვითელი მინდვრის ყვავილი ამოიზრდება.
საკუთარი პრომპტის დაწერისას მიღებული შედეგი ხშირად იმაზე უკეთესია, ვიდრე ველოდებით, თუმცა სისტემა სრულყოფილი მაინც არ არის. ზოგჯერ გენერატორს მარტივი ინსტრუქციების გაგებაც უჭირს და სასურველი შედეგის მისაღებად რამდენიმე მცდელობა ხდება საჭირო. სწორედ ამიტომ, წინასწარ გამზადებული პარამეტრები ყველაზე ეფექტურად მუშაობს.
მართალია, შრიფტებისთვის განკუთვნილი ხელოვნური ინტელექტის სტილი ჯერ კიდევ დასახვეწია, მაგრამ ის მკვეთრად ზრდის კრეატორებისთვის ტექსტის მორგების შესაძლებლობებს და ნათლად აჩვენებს ტექნოლოგიური პროგრესის მასშტაბებს. ზუსტად ისე, როგორც ხელოვნურმა ინტელექტმა რეალისტური ხელების დახატვა ისწავლა, მან უკვე მკაფიო და მარტივად წასაკითხი ტიპოგრაფიის შექმნაც შესანიშნავად აითვისა.
წყარო: Fastcompany; www.marketer.ge