დუბლინის ტრინიტი-კოლეჯის მკვლევარებმა იპოვეს გზა მარსის და მთვარის ზედაპირზე არსებული ფხვიერი ნიადაგისა და ქვებისგან სამშენებლო ბლოკების დასამზადებლად, რომლებიც შეიძლება მომავალი დასახლებების ასაშენებლად იყოს გამოყენებული.

ტრინიტის თანამედროვე მასალებისა და ბიოინჟინერიის კვლევითი ცენტრის (AMBER) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეგოლიტი, რომელიც მტვრისა და დაფშვნილი, ფხვიერი ქვებისგან შემდგარი ნივთიერებაა და რომლითაც მთვარის ზედაპირია დაფარული, მცირე რაოდენობის ნახშირბადის ნანომილების გამოყენებით, შეიძლება გამძლე სამშენებლო მასალად გარდაიქმნას.

მკვლევართა ჯგუფმა მოახდინა იმის დემონსტრირება, შემკვრელად ნანომილების გამოყენებით, თუ როგორ შეიძლება წვრილი ქვიშა მყარ ბლოკებად გარდაიქმნას, რომელიც, თავისი სიმტკაცით, გრანიტს გაუტოლდება.

ეს აღმოჩენა გზას უხსნის ნანომილების შექმნას, რომლებიც შეიძლება კოსმოსის პირობებში კონსტრუქციული მასალების დასამზადებლად იყოს გამოყენებული, რაც, თავის მხრივ, სამშენებლო მასალებისა და აღჭურვილობის კოსმოსში ტრანსპორტირების აუცილებლობასგამორიცხავს.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ამ აღმოჩენას შეიძლება ჩვენი პლანეტის სამშენებლო ინდუსტრიისთვისაც ჰქონდეს პრაქტიკული მნიშვნელობა.

კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალში მიმდინარე წლის დასაწყისში გამოქვეყნდა, 4 ოქტომბერს კი, „ირლანდიის კოსმოსური კვირეულის“ დროს, ტრინიტი-კოლეჯის თანამშრომლებმა ამ აღმოჩენის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

პროექტის მენეჯერის, პროფესორ ჯონათან კოულმანის თქმით, სამშენებლო ბლოკები ელექტროენერგიას ატარებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც შიდა სენსორები კოსმოსში შენობების სტრუქტურების მდგომარეობის მონიტორინგისთვის.

„კომპოზიტური მასალებიც ასევე ელექტროგამტარები არიან და ავლენენ მგრძნობიარე პიეზორეზისტულ ეფექტს (მასალის ელექტრული წინააღმდეგობის ცვლილება მექანიკური დეფორმაციის დროს - რედ.), რაც საშუალებას იძლევა, ისინი საკუთარი სტრუქტურის მდგომარეობის მონიტორინგისთვის გამოვიყენოთ“, - აცხადებს პროფესორი კოულმენი.

„ირლანდიის კოსმოსური კვირეული“, რომელიც 4-დან 10 ოქტომბრამდე ტარდება, არის ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც კოსმოსურ კვლევებსა და ინოვაციებში ირლანდიის მონაწილეობას ეძღვნება. კვირეულის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება ღონისძიებები, რომელთა მიზანია, ყველა ასაკის ადამიანს სამყაროს შესწავლა შთააგონოს.

წყარო: 1 არხი