ამერიკელი მილიარდერი და მეწარმე ბილ გეითსი Goldman Sachs-ისა და SV Angel-ის ხელოვნური ინტელექტის ღონისძიებას დაესწრო და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის განვითარებასთან დაკავშირებით საზოგადოებას საკუთარი პროგნოზები გაუზიარა. ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

Microsoft-ის თანადამფუძნებელი თვლის, რომ შემდეგი ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია დაიპყროს საძიებო სისტემა ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტის პერსონალური ასისტენტი იქნება. ასეთი პროდუქტი ჯერ არ არსებობს, მაგრამ პირველი კომპანია, რომელიც მას შექმნის, კონკურენტების „დამარხვას“ შეძლებს.

მისი თქმით, ასეთი ასისტენტი რადიკალურად შეცვლის მომხმარებლების ქცევას. ისინი შეწყვეტენ ინტერნეტში სერფინგს საჭირო ინფორმაციის მოსაძებნად და ბაზრის შეთავაზებების თვალიერებას. ახალი ხელოვნური ინტელექტი შეისწავლის ადამიანის საჭიროებებსა და ჩვევებს და წამებში მზა გადაწყვეტილებებს შესთავაზებს, ანუ მომხმარებელს არ დასჭირდება დროის დახარჯვა მონაცემების ძიებასა და შესწავლაზე.

საინტერესოა, რომ გეითსი არ ასახელებს თავის ფავორიტს - კომპანიას, რომელსაც შეუძლია წარმოადგინოს ასეთი პროდუქტი. მან გამოთქვა იმედი, რომ Microsoft-ი გახდება სუპერ ტექნოლოგიების დეველოპერი და ასევე დაასახელა მცირე კომპანია Inflection-ი. Inflection-მა ცოტა ხნის წინ წარადგინა ჭკვიანი AI ჩატბოტი, სახელწოდებით Pi. ეს პირადი ასისტენტია, რომელიც მომხმარებლების კეთილდღეობისა და ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ეხმარება.

მილიარდერმა ცოტა ხნის წინ გამოთქვა მოსაზრება, რომ Amazon-ი, Microsoft-ი და Apple მალე იმუშავებენ როგორც ხელოვნური ინტელექტის კომპონენტები.

მისივე თქმით, ახლო მომავალში ხელოვნური ინტელექტი დააჩქარებს ინოვაციებს კოსმოსში და შექმნის ახალ შესაძლებლობებს წამლების პროგრესული წარმოების შემუშავებისთვის.