პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მსოფლიოში პირველი სპეციალური მოწყობილობა, ე.წ. „ჩიტების აპარატი“ (Pticomat), ამოქმედდა, რომელიც მოქალაქეებს დაშავებული ან დასუსტებული ფრინველების უსაფრთხოდ გადაცემის შესაძლებლობას აძლევს. პროექტის მიზანია, ფრინველებმა დახმარება რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ, მაშინაც კი, როდესაც სპეციალიზებული ცენტრები დახურულია.

მოწყობილობა გარეგნულად ავტომატურ საკომატო აპარატს ჰგავს, თუმცა რეალურად ცხოველთა გადარჩენის ინფრასტრუქტურის ნაწილია. თუ ადამიანი ქუჩაში დაშავებულ ფრინველს იპოვის, შეუძლია ის სპეციალურ, უსაფრთხო განყოფილებაში მოათავსოს. ამის შემდეგ სისტემა ავტომატურად ატყობინებს ველური ცხოველების რეაბილიტაციის ცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც ფრინველს შემდგომ დახმარებას უწევენ.

აპარატი აღჭურვილია ვენტილაციის სისტემით, ტემპერატურის კონტროლითა და უსაფრთხო სივრცით, რათა ფრინველმა სპეციალისტების მოსვლამდე სტრესისა და დამატებითი დაზიანების გარეშე შეძლოს დარჩენა.

პროექტის ავტორების თქმით, ვარშავაში ყოველწლიურად ათასობით დაშავებული ფრინველი ფიქსირდება, თუმცა მათი ნაწილი დახმარების მიღებამდე იღუპება, რადგან ადამიანები ხშირად არ იციან, სად მიიყვანონ ან როგორ გადაარჩინონ ისინი. ახალი სისტემა სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობს.

ექსპერტების შეფასებით, მსგავსი ინიციატივები თანამედროვე ქალაქებში ბიომრავალფეროვნების დაცვის ახალი მიმართულებაა. ურბანიზაციის, კლიმატური ცვლილებებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების ფონზე, ფრინველები და სხვა ველური ცხოველები სულ უფრო ხშირად ხვდებიან საფრთხის ქვეშ. ამიტომ ევროპის ქალაქები ეკოლოგიური პოლიტიკის ნაწილად უკვე არა მხოლოდ მწვანე სივრცეების განვითარებას, არამედ ველური ბუნების დაცვის პრაქტიკულ მექანიზმებსაც განიხილავენ.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მსგავსი პროექტები ეკოლოგიურ მიზნებთან ერთად ეკონომიკურ ეფექტსაც ქმნის. ქალაქები, რომლებიც გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების მიმართულებით ინოვაციურ მიდგომებს ნერგავენ, უფრო მიმზიდველი ხდებიან როგორც ტურისტებისთვის, ისე ინვესტორებისთვის. სწორედ ამიტომ, ვარშავის „ჩიტების აპარატი“ მხოლოდ ვეტერინარული ან გარემოსდაცვითი ინიციატივა არ არის. ის ურბანული ეკოსისტემის მართვის ახალი მოდელის ნაწილად განიხილება.

წყარო:

https://euro-pulse.ru/news/v-varshave-otkrylsya-pervyj-v-mire-pticzemat-ustrojstvo-dlya-spaseniya-ranenyh-pticz/