რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (Роспотребнадзор) სომხური მინერალური წყლის, „ჯერმუკის“, 64.5 მილიონი ბოთლის რეალიზაცია შეაჩერა. ამის შესახებ უწყების პრესსამსახური იუწყება.

საუბარია სომხური კომპანიის, „ჯერმუკ ჯგუფის“ პროდუქციაზე. ახალი პარტიების დაბლოკვის გადაწყვეტილება სავალდებულო მარკირების სისტემის, „Честный знак“-ის, მეშვეობით 28 მაისიდან ამოქმედდა და ძალაში დარჩება მანამ, სანამ უწყება ახალ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

Роспотребнадзор-ის განცხადებით, შეზღუდვის მიზეზი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევაა. შემოწმების შედეგად წყალში აღმოჩნდა ჰიდროკარბონატ-იონების, ასევე ქლორიდებისა და სულფატების შემცველობის დასაშვებ ნორმაზე მაღალი მაჩვენებლები.

უწყების შეფასებით, აღნიშნულმა გადახრებმა შესაძლოა მომხმარებლები წყლის სამკურნალო თვისებების შესახებ შეცდომაში შეიყვანოს და გარკვეულ შემთხვევებში ჯანმრთელობაზეც უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

ციფრული მარკირების სისტემის „Честный знак“-ის ოპერატორმა, ცენტრმა პერსპექტიული ტექნოლოგიების განვითარებისათვის (ЦРПТ), ჯერ კიდევ 23 მაისს განაცხადა, რომ „ჯერმუკის“ 37 მილიონი ბოთლის გაყიდვა უკვე დაბლოკილი იყო.

აღსანიშნავია, რომ მაისის განმავლობაში რუსეთმა სომხური პროდუქციის მიმართ კიდევ რამდენიმე შეზღუდვა დააწესა. Роспотребнадзор-მა სომხური ღვინოებისა და კონიაკის გარკვეული პარტიების რეალიზაციაც შეზღუდა, ხოლო Россельхознадзор-მა სომხეთიდან ყვავილების იმპორტზე შეზღუდვები აამოქმედა.

გარდა ამისა, 30 მაისიდან რუსეთი სომხეთიდან ხილ-ბოსტნეულის იმპორტის ნაწილობრივ შეზღუდვასაც გეგმავს, რასაც უწყებები მიწოდებისას დაფიქსირებული დარღვევების ზრდით ხსნიან.