შვედეთი ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც პრაქტიკულად „მოწევისგან თავისუფალი ქვეყნის“ სტატუსს მიაღწია. საერთაშორისო სტანდარტებით, ქვეყანა smoke-free-ად ითვლება მაშინ, როდესაც ყოველდღიური მწეველების რაოდენობა მოსახლეობის 5%-ზე დაბალია. ბოლო მონაცემებით, შვედეთში ეს მაჩვენებელი უკვე ამ ნიშნულს ჩამოსცდა ან მასთან ძალიან ახლოსაა.

შვედეთის წარმატება განსაკუთრებით საინტერესოა იმის გამო, რომ ქვეყანა ევროკავშირის მიერ დასახულ მიზანს დაახლოებით 15-17 წლით ადრე უახლოვდება. თუ 2000-იანი წლების დასაწყისში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი რეგულარულად ეწეოდა, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ეს მაჩვენებელი სტაბილურად მცირდებოდა. დღეს შვედეთს ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მწეველობის დონე აქვს.

ექსპერტები ამ შედეგს რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ. მათ შორისაა მაღალი თამბაქოს გადასახადები, რეკლამების შეზღუდვა, საზოგადოებრივ სივრცეებში მოწევის აკრძალვა, მოწევისთვის თავის დანებების პროგრამები და ნიკოტინის ალტერნატიული პროდუქტების ფართო გავრცელება. განსაკუთრებით ხშირად სახელდება შვედური „სნუსი“, რომელიც ბევრმა მოქალაქემ ტრადიციული სიგარეტის ალტერნატივად აირჩია.

თუმცა შვედეთის მოდელს ყველა ერთნაირად არ აფასებს. ზოგიერთი ჯანდაცვის ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიუხედავად სიგარეტის მოხმარების მკვეთრი შემცირებისა, ქვეყანაში კვლავ მაღალია ნიკოტინის სხვა ფორმების, მათ შორის სნუსის, ნიკოტინის პაკეტებისა და ელექტრონული სიგარეტების გამოყენება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მათი შეფასებით, „მოწევისგან თავისუფალი“ სტატუსი ავტომატურად არ ნიშნავს „ნიკოტინისგან თავისუფალ“ საზოგადოებას.

მიუხედავად დისკუსიებისა, შვედეთის მაგალითი უკვე განიხილება როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოდელი ევროპაში. ანალიტიკოსების შეფასებით, მოწევის შემცირება გრძელვადიან პერსექტივაში ამცირებს ჯანდაცვის ხარჯებს, ზრდის შრომის პროდუქტიულობას და ამსუბუქებს იმ ეკონომიკურ ტვირთს, რომელსაც თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებები სახელმწიფო ბიუჯეტებს აკისრებს.

წყარო: