არსკვლავების მოძრაობის ანალიზმა, რომელიც კოსმოსურმა აპარატმა Gaia-მ ასტრონომებს მიაწოდა, აჩვენა, რომ მაგელანის პატარა ღრუბელს (ირმის ნახტომის გარშემო მბრუნავი გალაქტიკა-თანამგზავრი) მისი უფრო მსხვილი მეზობელი ნაწილებად ხლეჩს.

მაგელანის პატარა ღრუბელი ჩვენს გალაქტიკა ირმის ნახტომს დაახლოებით 200 000 სინათლის წლის მანძილი აშორებს. ასტრონომები განმარტავენ, რომ მაგელანის პატარა ღრუბელი და მისი მეზობელი მაგელანის დიდი ღრუბელი ირმის ნახტომთან გრავიტაციულადაა დაკავშირებული. მეცნიერების თქმით, დროთა განმავლობაში ჩვენი გალაქტიკა მათ გადასანსლავს. თუმცა, ახალმა ანალიზმა აჩვენა, რომ მაგელანის პატარა ღრუბელს შესაძლოა სულ სხვა ბედი ეწიოს - მას მისი მეზობელი გალაქტიკა ნაწილებად გახლეჩს.

„როდესაც ჩვენ პირველად ეს შედეგები მივიღეთ, დავეჭვდით ჩვენ მიერ მიღებული ანალიზის სისწორეში, თუმცა უფრო დეტალური შესწავლისას შედეგები უტყუარი აღმოჩნდა და ჩვენ გაკვირვებულები დავრჩით“, - განაცხადა იაპონიის უნივერსიტეტის ასტრონომმა კენგო ტაჩიხარამ.

მაგელანის პატარა ღრუბელში რამდენიმე ასეულობით მილიონი ვარსკვლავია. მეცნიერებმა მაგელანის პატარა ღრუბელში 7 000-მდე ვარსკვლავის მოძრაობა შეისწავლეს და შოკისმომგვრელ დასკვნამდე მივიდნენ.

„მაგელანის პატარა ღრუბელში ვარსკვლავები გალაქტიკის ორივე მხარეს საპირისპირო მხარეს მოძრაობდნენ ისე, თითქოს ისინი ნაწილებად იხლიჩებოდნენ. ზოგიერთი ვარსკვლავი მაგელანის დიდ ღრუბელს უახლოვდებოდნენ, ზოგიერთი კი პირიქით შორდებოდნენ. ეს მოულოდნელი მოძრაობა შესაძლოა იმაზე მიუთითებს, რომ დიდი მაგელანის ღრუბელი თავისზე პატარა მეზობელს თავისკენ ექაჩება, რაც მის განადგურებას გამოიწვევს“, - აღნიშნა ტაჩიხარამ.

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ირმის ნახტომისგან განსხვავებით, მაგელანის პატარა ღრუბლის მასიური ვარსკვლავები არ ბრუნავენ გალაქტიკის ღერძის ირგვლივ. მეცნიერების აზრით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა გალაქტიკების მასაზე არასწორი შეხედულება არსებობს.

ტაჩიხარას თქმით, მაგელანის დიდი და პატარა ღრუბლები ერთადერთი გალაქტიკებია, სადაც ვარსკვლავების მოძრაობის დეტალური შესწავლაა შესაძლებელი.

წყარო: imedinews.ge