საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ სამ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ითვალისწინებს საგადასახადო მხარდამჭერ მექანიზმს, რომლის მიხედვითაც, სტატუსის მინიჭებიდან სამი წლის განმავლობაში მოქმედებს 0%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი.

 
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია ქართული სტარტაპების მხარდაჭერა და სწორედ ამის გამოხატულება იყო ინოვაციური სტარტაპის სტატუსის შემოღება. 


„ინოვაციური სტარტაპის სტატუსი აძლევს ქართულ სტარტაპებს შესაძლებლობას, ფოკუსირება მოახდინონ მათი საქმიანობის ზრდასა და პროდუქტების შექმნაზე. აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო დიდი სტიმულია თითოეული სტარტაპისთვის, სწრაფი ტემპით  შექმნას გლობალური დონის, მაღალტექნოლოგიური და კონკურენტუნარიანი პროდუქტი, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.  მნიშვნელოვანია, რომ ეს ტექნოლოგიური სიკეთე საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე  რაც შეიძლება სწრაფად იყოს მიტანილი.“ - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ. 


ინიციატივის მთავარი მიზანია, შეამსუბუქოს ფინანსური ტვირთი ადრეული ეტაპის სტარტაპებისათვის, იმ პერიოდში, როდესაც კომპანიები ჯერ კიდევ არ გამოიმუშავებენ საკმარის საოპერაციო შემოსავალს, თუმცა აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში.

როგორც საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები აღნიშნავენ, წარმოდგენილი ჩარჩო მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოში რეგისტრირებული გლობალური სტარტაპების რაოდენობის ზრდაზე, სტარტაპებში დასაქმებულთა ზრდაზე და ქვეყანაში შემოსული უცხოური ინვესტიციების მოცულობაზე. პარალელურად, იგი გააძლიერებს კვლევისა და განვითარების მიმართულებით აქტივობებს, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან წინაპირობას ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირებისთვის.


შედეგად, 2030 წლისთვის მოსალოდნელია, რომ აქტიური სტარტაპების რაოდენობა 2,000-ს გაუტოლდება. ინოვაციურ სტარტაპებში დასაქმებულთა რაოდენობა 26,000-მდე გაიზრდება, ხოლო სტარტაპების მიერ მოზიდული ინვესტიციების ჯამური მოცულობა 11 მილიარდ ლარს მიაღწევს. ამასთანავე, სტარტაპების მიერ გენერირებული შემოსავალი 1.5 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და ტექნოლოგიური სექტორის გაძლიერებაში.


ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ისევე როგორც ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიისა და კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის განსაზღვრებები საქართველოში 2025 წლის სექტემბრიდან მოქმედებს.  დღეის მდგომარეობით, ინოვაციური სტარტაპის სტატუსს 11 ქართული სტარტაპი ფლობს.

ინფორმაციას GITA ავრცელებს