ტუალეტებიდან, რესტორნებიდან და სამრეწველო საწარმოებიდან წარმოქმნილი ჩამდინარე წყლები შეიძლება მხოლოდ ნარჩენი კი არა, ენერგიისა და სასუქისთვის საჭირო ნივთიერებების წყაროც გახდეს.
ბელგიის კვლევითი ინსტიტუტის VITO-ს, გერმანიის გრეიფსვალდის უნივერსიტეტისა და სხვა ქვეყნების სამეცნიერო ცენტრების მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ჩამდინარე წყლებში მცხოვრებ ბაქტერიებს დაბინძურებული წყლიდან ღირებული რესურსების გამოყოფა შეუძლიათ.
მეცნიერთა შეფასებით, მსოფლიოში არსებული ჩამდინარე წყლების ენერგეტიკული პოტენციალი დაახლოებით 100 ატომური ელექტროსადგურის მიერ ერთი წლის განმავლობაში გამომუშავებულ ენერგიას უტოლდება.
მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 359 მილიარდი კუბური მეტრი ჩამდინარე წყალი წარმოიქმნება. მისი თითქმის ნახევარი გაუწმენდავად ხვდება მდინარეებში, ტბებში, ზღვებსა და ნიადაგში. დანარჩენი ნაწილი ძვირადღირებულ გამწმენდ ნაგებობებში მუშავდება, რათა წყლის ხელახლა გამოყენება გახდეს შესაძლებელი.
თუმცა წმენდის პროცესში იკარგება ისეთი ნივთიერებებიც, რომელთა სოფლის მეურნეობაში დაბრუნება და სასუქების დასამზადებლად გამოყენება შეიძლებოდა. მათ შორისაა ამიაკი და ფოსფატები.
ჩამდინარე წყლები ასევე შეიცავს ორგანულ ნივთიერებებსა და საკვებ ელემენტებს, რომლებიც ტუალეტებიდან, საშხაპეებიდან, სამრეცხაოებიდან, რესტორნებიდან და სამზარეულოებიდან ხვდება კანალიზაციაში. ჩვეულებრივ, ეს ყველაფერი უსარგებლო ნარჩენად ითვლება, თუმცა მეცნიერები მათგან ენერგიის მიღებას მიკრობული ელექტროქიმიური ტექნოლოგიების გამოყენებით გვთავაზობენ.
სპეციალურ დანადგარში წყლის გავლისას ბაქტერიები ორგანულ დამაბინძურებლებს გადაამუშავებენ. ამ პროცესში გამოთავისუფლებულ ენერგიას გამტარი ზედაპირები — ელექტროდები — იჭერს. შედეგად წარმოიქმნება ელექტრული დენი და იწყება რეაქციები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია წყალბადის, მეთანისა და სხვა ნივთიერებების მიღება.
ამ ტექნოლოგიას ერთდროულად რამდენიმე პრობლემის მოგვარება შეუძლია. ენერგიისა და სასუქისთვის საჭირო ნივთიერებების წარმოებასთან ერთად, ის მდინარეებსა და ზღვის სანაპიროებზე წყალმცენარეების ჭარბად გავრცელებასაც შეამცირებს. ე.წ. წყლის „აყვავება“ ბუნებრივ ეკოლოგიურ წონასწორობას არღვევს.
ამ მეთოდით გაწმენდილი წყლის გამოყენება შესაძლებელი იქნება მინდვრების მოსარწყავად, ხოლო დამატებითი დამუშავების შემდეგ — სასმელი წყლის მისაღებადაც.
ევროპაში ჩამდინარე წყლების სასარგებლოდ გამოყენების სხვა გზებზეც მუშაობენ. საფრანგეთში კანალიზაციის წყლისგან სასმელი წყლის მიღება დაიწყეს და ჩამდინარე წყლებზე გაზრდილი წყალმცენარეებისგან ეკოლოგიური სასუქიც გამოსცადეს.
იტალიაში კი კანალიზაციის ნალექის 30 პროცენტზე მეტი უკვე ხელახლა გამოიყენება — მათ შორის ბიოგაზისა და სხვა სასარგებლო რესურსების მისაღებად.