ევროპის მასშტაბით სულ უფრო ძლიერდება ინიციატივა, რომელიც 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას ითვალისწინებს. ეს არ ნიშნავს, რომ ინტერნეტსივრცე სრულად „მოზარდების გარეშე“ დარჩება, თუმცა, თუ ქვეყნებში, როგორებიცაა ესპანეთი და ჩეხეთი, რეგულატორები მიზანს მიაღწევენ, 16 წლამდე ახალგაზრდებს აეკრძალებათ ისეთი სოციალური მედიის აპლიკაციების გამოყენება, როგორიცაა Instagram და Snapchat.
2026 წლის 3 თებერვალს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ქვეყანა გეგმავს 16 წლამდე პირებისთვის სოციალური მედიის აკრძალვის დანერგვას. ინიციატივას მხარს უჭერენ ასევე: საბერძნეთი, თურქეთი, პოლონეთი და პორტუგალია, რომლებმაც საკუთარ ქვეყნებში შესაბამისი კანონპროექტების მომზადების გეგმები დააანონსეს. საფრანგეთში პროცესი კიდევ უფრო წინ წავიდა, კანონპროექტი უკვე სენატში განსახილველად გადადის.
ცალკეული ქვეყნების გარდა, ევროკავშირიც განიხილავს 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას თავისი 27 წევრი ქვეყნის მასშტაბით. ამ შემთხვევაში ისინი შეუერთდებიან Australia-ს, რომელიც 2025 წლის დეკემბერში გახდა პირველი დიდი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე მომხმარებლებისთვის სოციალური მედია აკრძალა.
ამ ქვეყნების მიზანი, ერთი მხრივ, ახალგაზრდების სოციალური მედიის ნეგატიური გავლენებისგან დაცვაა. ცნობილია, რომ ის ზოგიერთ მოზარდზე მავნე ზეგავლენას ახდენს – შეიძლება იყოს ყურადღების გამფანტავი, გამოიწვიოს სხეულის იმიჯთან დაკავშირებული პრობლემები; პრობლემად რჩება კიბერბულინგიც, ასევე, ისეთი პოსტების გამოქვეყნება, რომელთა გამოც მოგვიანებით ინანებენ.
აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტები მოსალოდნელი აკრძალვებით უკმაყოფილოები არიან. კომპანია Meta, რომელიც მართავს Instagram-ს (მოზარდებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელს), ავსტრალიის რეგულატორებს მიმართავს, რომ გადაწყვეტილებას გადახედონ. ხოლო როდესაც Elon Musk-მა ესპანეთთან დაკავშირებული ახალი ამბავი შეიტყო, მან საკუთარ პლატფორმაზე X პრემიერ-მინისტრს „ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარი“, „ტირანი და ესპანელი ხალხის მოღალატე“ უწოდა.
აკრძალვებთან დაკავშირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი: თუ მოზარდებს სოციალურ მედიაზე წვდომა აეკრძალებათ, ყველა მომხმარებელს მოუწევს დაამტკიცოს, რომ 16 წელს გადაცილებულია. მაგრამ როგორ მოხდება ეს? ასაკის დადასტურების მეთოდებით? მაგალითად, მართვის მოწმობის სკანირებით ან ბიომეტრიული მონაცემების მიწოდებით. ამას სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ერთ-ერთი მთავარი საფრთხე ისიც არის, რომ ინტერნეტი ანონიმური აღარ იქნება, ხოლო ისინი, ვინც საკუთარ უსაფრთხოებასა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინტერნეტზე ამყარებენ, შესაძლოა უფრო მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.