ავტომობილზე ვიდეო-კამერის დაყენება ბევრ ქვეყანაში ჩვეულებრივი ამბავია, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევებისა და სხვა ინციდენტების გამოძიების დროს, ბორტ-კამერას ფასდაუდებელი დახმარების გაწევა შეუძლია. თუმცა, ზოგიერთ სახელმწიფოში მძღოლებს კამერის დაყენების და ვიდეოჩანაწერის გაკეთების გამო, დიდი ჯარიმები ემუქრებათ. მათ გამოყენებას განსაკუთრებით მკაცრად უდგებიან გერმანიასა და ავსტრიაში. ავტომობილის მფლობელებს დიდი თანხის გადახდა შეიძლება გარკვეული სანავიგაციო ფუნქციების გამოყენების გამოც მოუწიოთ.
ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, ბორტ-კამერები სანდო მტკიცებულებას წარმოადგენენ, რომელსაც სადაზღვევო კომპანიებიც იყენებენ. „სადაზღვევო კომპანია ამ ვიდეო-ტექნიკის მონაცემებს აუცილებლად ითვალისწინებს და მიიჩნევს მტკიცებულებად, რომელსაც ანგარიშს უწევს“, - აცხადებს ჩეხეთის სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის პრეს-სპიკერი, ტომაშ პავლიკი.
მაშინ, როცა, მაგალითად, საფრანგეთსა და იტალიაში ბორტ-კამერის გამოყენება სადაზღვევო ან პირადი მიზნებისთვის ნებადართულია, გერმანულენოვან ქვეყნებში ვიდეოს ჩაწერა ძალიან შეზღუდული ან საერთოდ შეუძლებელია. გერმანიაში ნებადართულია მხოლოდ ციკლური ჩაწერა (loop recording), როდესაც ახალი მონაცემები ძველ ჩანაწერს შლის და მას ზემოდან ეწერება. ავსტრია კი საერთოდ კრძალავს ვიდეორეგისტრატორების (dash cams) გამოყენებას, რადგან მათ საჯარო სივრცეების არასანქცირებულ მეთვალყურეობად მიიჩნევს.
გასულ წელს ჩეხმა მძღოლებმა საზღვარგარეთ 490 ათასი სამართალდარღვევა ჩაიდინეს (ჩეხურ ენაზე)
საზღვარგარეთ პოლიციას ასევე შეუძლია შეამოწმოს თქვენი მობილური ტელეფონის პროგრამული უზრუნველყოფა. მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთში აკრძალულია იმ აპლიკაციების გამოყენება, რომლებიც სიჩქარის რადარების შესახებ გაწვდიან შეტყობინების. „საგაზაო შემოწმებისას, პოლიციელმა, შესაძლოა, თქვენი მობილური ტელეფონის ნახვა მოისურვოს და თუ აღმოაჩენს, რომ გააქტიურებული გაქვთ Waze ან სხვა აპლიკაცია, რომელიც სიჩქარის კონტროლის შესახებ გაფრთხილებთ, აუცილებლად დაჯარიმდებით“, - ამბობს გზაზე დახმარების სამსახურის (ÚAMK) პრეს-სპიკერი, იგორ სიროტა.
გერმანიაში ამ დარღვევისთვის ჯარიმა 75 ევროს შეადგენს, საფრანგეთში კი შეიძლება 1 500 ევროსაც მიაღწიოს. ამიტომ, ამ ქვეყნებში აღნიშნული აპლიკაციის გამორთვა ზედმეტი ხარჯებისგან გაგათავისუფლებთ.
წყარო: 1 არხი