ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა, - ამის შესახებ Reuters-ს ირანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომელიც სააგენტოს ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა.
მისი თქმით, რაც შეეხება აშშ-ის მოთხოვნებს და მუქარას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით პირდაპირ მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, დაიბომბება, ირანი მეზობელ ქვეყნებს, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებია განთავსებული, ჩართვის შემთხვევაში მძიმე შედეგების შესახებ აფრთხილებს.
Reuters-ის წყაროს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ირანმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნა პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ, მას სურს გააგრძელოს არაპირდაპირი მოლაპარაკებები ომანის მეშვეობით, ანუ, ირიბი მოლაპარაკებები.
„არაპირდაპირი მოლაპარაკებები გვთავაზობს შანსს შევაფასოთ ვაშინგტონის სერიოზულობა ირანთან პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
მისივე თქმით, ირანმა შეტყობინებები გაუგზავნა ერაყს, ქუვეითს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, კატარს, თურქეთსა და ბაჰრეინს, რომ ირანზე აშშ-ის თავდასხმაში ნებისმიერი მხარდაჭერა, მათ შორის ამერიკელი სამხედროების მიერ თავდასხმისას მათი საჰაერო სივრცის ან ტერიტორიის გამოყენება, მტრულ აქტად ჩაითვლება.
„ასეთ ქმედებას მათთვის მძიმე შედეგები მოჰყვება", - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ამტკიცებდა, რომ ირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად იყო. მისივე თქმით, ირანისთვის ცუდი რამ მოხდებოდა, თუ ის არ მიაღწევს შეთანხმებას აშშ-თან ბირთვულ პროგრამაზე. მან ირანს ბირთვული შეთანხმებისთვის 2 თვე მისცა. მისივე მტკიცებით, დაუშვებელია და მიუღებელი ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.
"საინტერესო დროა მსოფლიოს ისტორიაში, მაგრამ ირანთან ვითარება გვაქვს, რომ ძალიან მალე რაღაც მოხდება. ძალიან, ძალიან მალე. ვვარაუდობ, ძალიან მალე ილაპარაკებთ ამაზე.
იმედია, სამშვიდობო შეთანხმება გვექნება [ირანთან], არ ვლაპარკობ ძალაზე ან სისუსტეზე. იმას ვამბობ, რომ მირჩევნია სამშვიდობო შეთანხმების ნახვა, ვიდრე სხვა რამის. მაგრამ სხვა რამ პრობლემას მოაგვარებს“, - განაცხდა ტრამპმა.
ირანის პრეზიდენტი, მასუფ ფეზეშქიანი კი ამტკიცებდა, რომ ირანი არ ცდილობს ომს არცერთ ქვეყანასთან და ბირთვული ენერგიის არამშვიდობიან გამოყენებას ადგილი არ აქვს ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის დოქტრინაში. ფეზეშქიანის თქმით, შესაძლებელია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ბირთვული აქტივობები კვლავ სრულად დაექვემდებაროს შემოწმებას, როგორც ეს იყო წინა წლებში. ირანის პრეზიდენტმა ასევე გამოხატა ქვეყნის მზადყოფნა, ჩაერთოს ორმხრივ ინტერესსა და პატივისცემაზე დაფუძნებულ დიალოგში, რომელიც მიზნად ისახავს ბირთვული პროგრამის გამო დაძაბულობის შემსუბუქებას. ირანის პრეზიდენტის თქმით, ისლამურ ქვეყნებს შეუძლიათ, უზრუნველყონ მშვიდობა, უსაფრთხოება და პროგრესი რეგიონისთვის საერთო მსგავსებაზე დაყრდნობით და ერთმანეთთან ერთიანობის, მეგობრობის განმტკიცებით.
შეგახსენებთ, უზენაესი ლიდერი ხამენეი აშშ-თან მოლაპარაკების წინააღმდეგია, თუმცა პრეზიდენტ პეზეშკიანს დიალოგის წარმოება სურს. ტრამპმა თქვა, რომ ირანთან შეთანხმებას, ამჯობინებს რესპუბლიკის დაბომბვას.
თებერვლის დასაწყისში ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ირანზე „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკის განახლებაზე. ამ კამპანიის ერთ-ერთი მიზანია „ირანის ნავთობის ექსპორტის ნულამდე შემცირება“. ტრამპის თქმით, ირანს არ შეუძლია ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ის რესპუბლიკასთან გარიგების დადებას დაბომბვის შანტაჟით ცდილობს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თებერვლის ბოლოს თეირანში ვიზიტისას განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არის საკმარისი დიპლომატიური შესაძლებლობები ირანთან ახალი ბირთვული შეთანხმების დასადებად ძალის მუქარის გამოყენების გარეშე.