Reuters-ის ცნობით, რომელიც ირანის მაღალი თანამდებობის პირს ეყრდნობა, ირანი აშშ-ს მოთხოვნას ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ უარყოფს. წყაროს ინფორმაციით, თეირანი იმ მეზობელ ქვეყნებს, რომელთა ტერიტორიაზეც აშშ-ს სამხედრო ბაზებია განთავსებული, ჩართულობის შემთხვევაში სამხედრო დარტყმით ემუქრება.
Reuters-ის ანონიმური წყაროს ცნობით, იმის მიუხედავად, რომ ირანი ტრამპის პირდაპირი მოლაპარაკებების მოთხოვნას არ თანხმდება, მას კვლავ სურს ირიბი დიალოგის გაგრძელება ომანის შუამავლობით. ომანი წლებია ორ ქვეყანას შორის შუამავლის როლს ირგებს.
წყაროს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლოა "დაბრკოლებებით სავსე გზა იყოს, თუკი აშშ ამას მხარს დაუჭერს, ირიბი დიალოგი შეიძლება მალე დაიწყოს.
წყაროს თქმით, ირანმა ოფიციალურად ერაყს, თურქეთს, ქუვეითს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, კატარსა და ბაჰრეინს აცნობა, რომ აშშ-ს სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის, აშშ-ს მხრიდან მათი საჰაერო სივრცის ან ტერიტორიის გამოყენება ავტომატურად მტრულ ქმედებად აღიქმება.
"ამგვარ ქმედებას მათთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება," - თქვა ირანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და დაამატა, რომ ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა
ამასთან, 3 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ აღნიშნა, რომ თუკი ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები ჩავარდება, "სამხედრო კონფრონტაცია" პრაქტიკულად გარდაუვალი იქნება.
ამერიკული ტელეარხ NBC News-ის ინფორმაციით, 30 მარტს, მათთან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს დაბომბვით დაემუქრა, თუკი ისინი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებას არ დადებენ.
"თუ ისინი [ირანი] შეთანხმებას არ დადებენ, დაბომბვა იქნება და ისეთი სახის დაბომბვა იქნება, როგორიც არასდროს უნახავთ". - ციტირებს ტრამპს NBC News-ის წამყვანი კრისტენ უელკერი.
7 მარტს დონალდ ტრამპმა Fox Business Network-თან ინტერვიუში თქვა, რომ ირანთან ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება სურდა და დაამატა, რომ წინა დღით ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, წერილი გაუგზავნა, რომელშიც მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით იმედს გამოთქვამდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული საკითხის პრობლემის მოგვარება ორი გზით შეიძლება: სამხედრო გზით ან შეთანხმების მიღწევით.
ამასთან, 19 მარტს Axios-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა გაგზავნილ წერილში ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, 2-თვიანი ვადა მისცა ახალი ბირთვული შეთანხმების დასადებად.
წყარო: "ტაბულა"