თბილისის ცენტრში სროლის შედეგად გუშინ ერთი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა 2. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი დაჭრილი ბიზნესმენი გივი (გიჩო) მარგველაშვილი იყო. 37 წლის მარგველაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დღეს ბრიფინგიც გაიმართა.
„საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 4 მაისს, საღამოს საათებში, ქალაქ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ლა ვერასთან“, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ. დასაცავი პირის ნათესავ გ. მ.-სთან ერთად იმყოფებოდა და მობილურ ტელეფონზე საუბრობდა. მოულოდნელად გ.მ.-ს შეიარაღებული ს.გ. მიუახლოვდა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მის მიმართ რამდენიმე გასროლა განახორციელა და ფეხების არეში ცეცხლნასროლი დაზიანებები მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ ს.გ.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა დააპირა.
„ადგილზე მყოფმა დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ს.გ-ს შემთხვევის ადგილის დატოვების შესაძლებლობა არ მისცა და სხეულის მიდამოში მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა, რომელსაც კანონის მოთხოვნათა დარღვევით ატარებდა. ს.გ. გულ-მკერდის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.“- განაცხადეს უწყებაში.
ვინ არის გივი მარგველაშვილი და რომელ ბიზნესში ფიგურირებს მისი სახელი. „კომერსანტი“ ინფორმაციის მოძიებას მეწარმეთა რეესტრიდან შეეცადა.
რეესტრის თანახმად გივი მარგველაშვილის სახელთან დაკავშირებულია შპს იქსორი შაორი. ის ამ კომპანიაში 17.5%-ს ფლობს. მისი მეწილეა ნიკოლოზ ნაჭყებიაც, იგივე პროცენტული მაჩვენებლით, კომპანიის 65% კი შპს იქსორის საკუთრებაშია.
კომპანია „იქსორი“ 2014 წელს დაარსდა და როგორც მათ ვებგვერდზეა აღნიშნული სამშენებლო სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ. კომპნიის პროექტებს შორისაა ზენქს დიღომი - დიდ დიღომში, ბაკურიანი 4 რესტი, ვაკე პარკსაიდ რეზიდენსი - ყიფშიძეზე, წერეთელი დელუქსი - დიდუბეში, ყაზბეგი რეზიდენსი- საბურთალოზე. დიღომი რეზიდენსი - ბოხუას ქუჩაზე და შარტავა ფუჟენი - შარტავას ქუჩის #29-ში, სწორედ ეს ბოლო მისამართია მითითებული შპს იქსორი შაორის იურიდიულ მისამართადაც.
შპს იქსორი შაორი 2022 წლის აპრილში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიაღელეში, შაორის ტბის მიმდებარედ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გახდა, რომლის ფართობი 3523 კვ.მ-ია. საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებულია, რომ გამყიდველი გივი მარგველაშვილია და ცვლილება უძრავი ნივთის ნასყიდობის და საწესდებო კაპიტალში შეტანის ერთიანი ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა. ხორციელდება თუ არა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე რაიმე პროექტი, ჯერჯერობით უცნობია.
არსებული ინფორმაციით, გივი მარგველაშვილი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის პროფესორი გოგი მარგველაშვილის შვილი და ცნობილი ქართველი მსახიობის ზინაიდა კვერენჩხილაძის შვილიშვილია.