ქვეყანაში უამრავი მიმართულებით კადრების დეფიციტია. კიდევ ერთი სექტორი, რომელიც კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობას მწვავედ განიცდის რძისა და რძის პროდუქტების წარმოებაა. რძისა და რძის პროდუქტების ინჟინერ-ტექნოლოგი ზურაბ პაპიაშვილი ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ საჭიროა რეგულაციის შემოღება და საწარმოებისთვის ვალდებულების დაკისრება ჰყავდეთ დიპლომირებული სპეციალისტები. ის აცხადებს, რომ ხშირად საწარმოში რძის წარმოების მიმართულებით უცოდინარი კადრი აჰყავთ, რაც სერიოზული პრობლემაა. ზურაბ პაპიაშვილის თქმით, დიდი ხანია საწარმოებში მინიმუმ ერთი სპეციალისტის დასაქმების შესახებ რეგულაციის ამოქმედებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.
,,მგონია დადგა დრო, რომ იყოს შეზღუდვა, რომ საწარმოს ერთი სპეციალისტი მაინც ჰყავდეს. ვალდებულება ჰქონდეს, როგორც არის სააფთიაქო ქსელში და ვეტ-აფთიაქების ქსელში. არავის წარმოუდგენია, რომ მედიცინის სფეროში მუშაობდეს სამედიცინო განათლების გარეშე ადამიანი. ჩვენთან რისკი არანაკლებია. აფთიაქში თუ დამზადებულ წამალს ყიდის ფარმაცევტი, ჩვენთან ხელები აქვს ჩაყოფილი რძეში და ამ პროდუქტს შემდეგ მოსახლეობა მოიხმარს. ჩემი პრინციპული მოთხოვნაა, ბევრჯერ დავაყენე, რომ უნდა იყოს რეგულაციები, რომ საწარმოს თუ არ ჰყავს დიპლომირებული სპეციალისტი არ უნდა იფუნქციონიროს. ეს უნდა გაკეთდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სულ ასე ვიქნებით, რომ მოვიყვანთ საიდანღაც არასპეციალისტს. სანამ ისწავლის რაღაცას, ისწავლის ან არ ისწავლის, ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებს.’’- აცხადებს ზურაბ პაპიაშვილი.
რძის წარმოების სექტორი დღეს სპეციალისტების ნაკლებობას განიცდის. პრობლემიდან გამოსავლად ზურაბ პაპიაშვილი ახალგაზრდების მეტად დაინტერესებასა და მათ ხელშეწყობას ასახელებს. ამბობს, რომ ბევრს სურვილი აქვს ისწავლოს ამ მიმართულებით, თუმცა ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე სწავლაზე უარის თქმა უწევთ. სწორედ ამიტომ ზურაბ პაპიაშვილი მიიჩნევს, რომ სასწავლებლებს საერთო საცხოვრებლები უნდა ჰქონდეთ, რაც სტუდენტისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათი იქნება. ახალი სპეციალისტების მომზადების პროცესში უნდა ჩაერთონ საწარმოებიც, რომლებიც ახალგაზრდებს სწავლას დაუფინანსებენ და განათლების მიღების შემდეგ დაასაქმებენ. ზურაბ პაპიაშვილი ამბობს, რომ კვალიფიციური სპეციალისტების სიმწირის გამო საწარმოები თანამედროვე ტექნოლოგიებს არ ყიდულობენ და ქარხნებს ახალი ტექნიკით არ აღჭურავენ, რადგან ტექნიკის სწორად გამოყენების მცოდნე სპეციალისტები არ ჰყავთ.
,,ახალგაზრდებს მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, რომ ეს არის ძალიან საჭირო და საინტერესო სპეციალობა. უფრო მეტად უნდა დავაინტერესოთ ახალგაზრდები. გარკვეული პირობები უნდა შევუქმნათ სწავლის პერიოდში, რადგან ეს სპეციალისტები გვჭირდება. ალბათ, იმ სასწავლებლებს, რომლებიც ახორციელებენ ამ მიმართულებით სწავლებას, საერთო საცხოვრებელი უნდა ჰქონდეთ. უკვე 15 წელია ვასწავლი რძის გადამუშავების სპეციალობას და ბევრს უთქვამს, რომ უნდა სწავლა, მაგრამ ეს ფინანსებთან და ყოველდღიურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ტრანსპორტირება, ბინის ქირა ეს ძალიან ძვირი ჯდება და ცუდი არ იქნებოდა, რომ სასწავლო დაწესებულებებს ჰქონდეთ საერთო საცხოვრებელი. შესაძლოა თავად საწარმომ მიავლინოს სასწავლებლად და დააფინანსოს სტუდენტი. უთხრან ახალგაზრდებს, რომ გააგზავნიან სასწავლებლად, მერე დაბრუნდებიან და უზრუნველყოფილი იქნებიან სამსახურით. ბევრი სახსრები იხარჯება საწარმოების მოწყობაზე, აღჭურვაზე, კოლოსალური თანხები სჭირდება რძის საწარმოს აღჭურვას, მაგრამ ამ მიმართულებით, რომ სპეციალისტი მოამზადონ თითქოს ამისთვის აღარ აქვთ სახსრები. თუ არ ჰყავთ სპეციალისტი, კარგი აპარატურაც აღარ სჭირდებათ. რადგან ვინ უნდა აამუშაოს ის აპარატურა? სპეციალისტმა ხომ.’’- აცხადებს ზურაბ პაპიაშვილი.
პრობლემას წარმოადგენს სპეციალობის სირთულეც. ზურაბ პაპიაშვილი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში რძის პროდუქტების წარმოების სპეციალობას 15 წელია ასწავლის. ამბობს, რომ ყოველ წლიურად სტუდენტების თითქმის ნახევარი სწავლას თავს ანებებს, რადგან სპეციალობის დაუფლება მათთვის რთულია. გარდა ამისა, დიპლომირებულ სპეციალისტებს დასაქმება უჭირთ, რადგან საწარმოებში ხშირად ნაცნობს ან დაბალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს იყვანენ, რადგან ის შედარებით დაბალ ანაზღაურებაზე თანახმაა.
,,წლის განმავლობაში 10 სტუდენტი გვყავს. რაც ცოტაა. თუმცა ასეა განსაზღვრული ლაბორატორიის შესაძლებლობებიდან გამომდინარე. რამდენი ადგილიც გვაქვს ლაბორატორიაში, იმდენ სტუდენტს ვიღებთ. ყოველწლიურად თუ მომზადდება 10 სპეციალისტი არც ეს არის ცოტა. მაგრამ უბედურებაა ის, რომ 10 რომ მოინდომებს სწავლას, ამთავრებს 5 ან 6. ზოგს შემდეგ აღარ მოსწონს ეს დარგი. ცოტა რთული დარგია. ცოდნას საჭიროებს და შესაძლოა რთულად ეჩვენებათ და ტოვებენ სწავლას, მაგრამ მაინც ამ ხნის განმავლობაში გაიზარდნენ კარგი სპეციალისტები. საჭიროა სწავლებასთან დაკავშირებული მიდგომის შეცვლა. უფრო საინტერესო რომ გავხადოთ. ჩვენ გვაქვს კონტაქტები სკოლებთან და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები მოდიან, ვაჩვენებთ ლაბორატორიას და მასტერკლასებს ვუტარებთ, რომ გავუღვივოთ ინტერესი. მაგრამ პრობლემა არის, რომ როდესაც ამთავრებენ სწავლას არანაირი პრივილეგია არ აქვთ. საწარმოს ხელმძღვანელს შეუძლია ვინც უნდა ის მიიღოს. არა დიპლომირებული სპეციალისტი, არამედ ადამიანი, რომელიც უფრო დაბალ ხელფასზე იქნება თანახმა. ან მიჰყავთ შინაური, ახლობელი.’’- აცხადებს ზურაბ პაპიაშვილი.
კვალიფიციური კადრების ნაკლებობა ყველაზე მთავარ პრობლემას იწვევს. ეს რძის პროდუქტების ხარისხსა და მის კონტროლს უკავშირდება. ზურაბ პაპიაშვილი აცხადებს, რომ კანონმდებლობაში პრობლემები არ არის და ის პროდუქციის ყველა ეტაპზე კონტროლს უზრუნველჰყოფს, თუმცა პრობლემურია მისი აღსრულება. ის ასევე აღნიშნავს, რომ დედაქალაქში საწარმოები და ლაბორატორიები აღჭურვილია თანამედროვე და შესაბამისი ტექნიკით, თუმცა ეს საკითხი მწვავე პრობლემას წარმოადგენს რეგიონებში. თანამედროვე ტექნიკა მუნიციპალიტეტებში არსებულ ლაბორატორიებს არ აქვთ, რადგან არ ჰყავთ კვალიფიციური სპეციალისტი, რომელსაც საჭირო ტექნოლოგიური ცოდნა აქვს.
,,ის კანონმდებლობა, რაც დღეს მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში (საუბარია რძის ტექნიკურ რეგლამენტზე) სრულად განსაზღვრავს ყველა საჭიროებას, რაც უნდა კეთდებოდეს. მაგრამ, მთავარია როგორ სრულდება ეს ყველაფერი. ტექნიკურ რეგლამენტში ფაქტობრივად ყველაფერი გაწერილია ისე, რომ არ უნდა მოხდეს არანაირი ისეთი შემთხვევა, რომ ზიანი მიადგეს მომხმარებელს. ყველა ეტაპზე უნდა ხდებოდეს კონტროლი. თბილისში, სადაც თავმოყრილია დიდი საწარმოები, უფრო შედარებით სერიოზულად ხდება კონტროლი, მაგრამ რეგიონებში ამ მხრივ არის ცუდი მდგომარეობა. ნაკლებად არიან აღჭურვილები. ლაბორატორიებს არ გააჩნიათ სათანადო, თანამედროვე აპარატურა. შეიძლება ეს იმის ბრალიც იყოს, რომ სპეციალისტებიც არ ჰყავთ. ხშირად საწარმოებში ვხვდებით ისეთი სპეციალობის ადამიანებს, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვთ რძესთან და რძის პროდუქტებთან. ხშირად მეწარმეებს უხდებათ ასე ვთქვათ, ქუჩიდან მოყვანა სპეციალისტების, რომლებიც არ არიან რძის დარგის სპეციალისტები და რძესთან არ ჰქონიათ შეხება. ეს ძალიან უარყოფითად აისახება. განსაკუთრებით რეგიონებზეა საუბარი.’’- აცხადებს ზურაბ პაპიაშვილი.