"საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა" (TCRC) წინასაარჩევნოდ საზოგადოებას წარუდგინა მორიგი კვლევა, რომელიც "კომერსანტს" ექსკლუზიურად მოაწოდა.

კვლევის სახელწოდებაა „ეკონომიკური კეთილდღეობა  - საბაზისო ინფრასტრუქტურული პროექტები“ და მოიცავს,  100-ზე მეტ პრიორიტეტულად განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტს.

კვლევის დოკუმენტში, რომელიც "კომერსანტს" ექსკლუზიურად მოაწოდეს, მთავარ პრიორიტეტად გამოყოფილია ინფრასტრუქტურულ  პროექტებში  ინვესტიციების მოზიდვის კომპონენტი. აქვე წარმოდგენილია სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი პრიორიტეტებიც, ისეთი, როგორიცაა ენერგეტიკის სექტორში გადასადგმელი ნაბიჯები.  აქვეა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში განსახორციელებელი პროექტების ნუსხაც, რომელიც, კვლევის ავტორის, პაატა ცაგარეიშვილის, მტკიცებით, ქვეყანას ეკონომიკურ კეთილდღეობას მოუტანს. დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა დედაქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის იმგვარ მოწყობას, რომელიც თბილისისთვის, კვლევის ავტორის აზრით, ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტი გახდება. კვლევაში ხაზგასმულია ციფრული ეკონომიკის განვითარებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობაც. დეტალურადაა გაწერილი ტურიზმის სექტორის პრიორიტეტებიც. დეტალიზებულია საავტომობილო ინფრასტრუქტურაში საჭირო  პრიორიტეტები. 

კვლევის მიღმა არც ისეთი საბაზისო ინფრასტრუქტურის პრიორიტეტები დარჩენილა, როგორიცაა წყალმომარაგება, გაზმომარაგება და ნარჩენების მართვა. 

წყალარინების ინფრასტრუქურაში: 

პრიორიტეტი 1.  ქვეყნის მოსახლეობის წყალმომარაგება - წყალანირების ქსელთან სრულად წვდომის უზრუნველყოფა 

აქცენტი გადატანილი იქნება, პირველ ეტაპზე საქართველოს ქალაქების მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფაზე,  მომდევნო 5 წელიწადში ქვეყნის მთელ  მოსახლეობას ექნება წვდომა სათანადო სტანდარტების შესაბამის წყალზე. რისთვისაც სისტემურად განხორციელდება ამორტიზებული ქსელის შეცვლა და  ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება. სინქრონულად, ჩამდინარე წყლებით გარემოს დაბინძურების შესამცირებლად წარიმართება წყალარინების ქსელისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი საშუალებების მოწყობა. მდინარეში ჩამდინარე წყალი, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, ბიოლოგიურად გაიწმინდება და გაიფილტრება, რაც გადაჭრის მდინარეების დაბინძურების მრავალწლიან პრობლემას.

პრიორიტეტი 2. აჭარის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობა

აქცენტი გაკეთდება ევროკავშირის (EU) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ 300 მლნ ლარით დაფინანსებულ, 2024 წელს დაწყებულ აჭარის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის დაჩქარებული ტემპით განხორციელებაზე - რომელიც ითვალისწინებს, თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოების განხორციელებას  აჭარის 39 სოფელში და დაბებში.  პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება, ახალი თანამედროვე სტანდარტების წყლის და წყალარინების სისტემით აჭარაში მცხოვრები 6000  ოჯახის მომარაგება.


პრიორიტეტი 2. ხაშურის წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია

აქცენტი გადატანილი იქნება საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მიერ 225 მლნ ლარით დაფინანსებული ხაშურის წყლის და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტი,  რომლის განხორციელება 2023 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა, 160 კმ წყალმომარაგების მილი და 45 კმ წყალარინების ქსელი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასმელი წყლის სათავე ნაგებობას. სამუშაოს დასრულების შემდეგ 24 000 ბენეფიციარი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. 

პრიორიტეტი 3.  ქუთაისის წყალარინების (კანალიზაციის) მშენებლობა

ქუთაისში 150 ათასი მოსახლიდან 35 % კანალიზაცია არ გააჩნია. პროექტი მოიცავს - ქუთაისში 116 კმ სიგრძის მაგისტრალური წყალარინების ქსელის (კანალიზაციის), 25 კმ სიგრძის კოლექტორისა და 19 სატუმბი სადგურის მოწყობას. გარდა ამისა გათვალისწინებულია წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების ფონდის (EPTATF) მიერ ერთობლივად დაფინანსებული, საერთო ბიუჯეტი - 320 მლნ ლარი.  ქუთაისის წყალარინების (კანალიზაციის) პროექტის განხორციელება ძირითად პრიორიტეტად იქნება განხილული.

პრიორიტეტი 4. იმერეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია

აქცენტი გადატანილი იქნება  გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ 530 მლნ ლარით დაფინანსებულ, იმერეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციაზე. რომელიც მოიცავს იმერეთის (სამტრედია, ბაღდათი, ვანი) რეგიონსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაცია) სისტემების რეაბილიტაციას და წყალარინების გამწმენდი 4 ნაგებობის მშენებლობას. პროექტის შედეგად გაუმჯობესდება წყალმომარაგება, სასმელი წყლის ხარისხი და მიწოდების გრაფიკი, შემცირდება მავნე ზემოქმედება გარემოზე. 

მყარი ნარჩენების ინფრასტრუქტურაში:

პრიორიტეტი -  1. ქვეყნის მოსახლეობის ევროპული სტანდარტების რეგიონული არასახიფათო ნარჩენების ობიექტებით უზრუნველყოფა

აქცენტი გადატანილი იქნება  ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების და გადამტვირთავი სადგურების მშენებლობაზე. არსებული 54  მუნიციპალური 10 საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი, რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელების სისტემით ჩანაცვლდება. განსაკუთრებული აქცენტი იქნება გადატანილი  თბილისის  არასახიფათო ნარჩენების პროექტის განხორციელებაზე. რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების  მოეწყობისას გამოყენებული იქნება ლიჩეტის სისტემის რეცირკულაციის და გამორეცხვის სისტემა.

პრიორიტეტი 2. აჭარის მყარი ნარჩენების ობიექტის მშენებლობის დასრულება

აქცენტი გადატანილი იქნება, 2019 წელს დაწყებულ, გაჭიანურებულ და დაუსრულებელ -  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო სააგენტოს (SIDA) მიერ  55 მლნ ლარით დაფინანსებულ აჭარის მყარი ნარჩენების ობიექტის მოკლე ვადაში დასრულებაზე, რომელიც აჭარაში ეკოლოგიური, სოციალური, ტურისტული გარემოს გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ამასთან განხორციელდება  მიწის საექსკავაციო სამუშოები 40 000 კვ.მ. ფართობზე.

პრიორიტეტი 3. ქუთაისის მყარი ნარჩენების ობიექტის მშენებლობის დასრულება

დღემდე დაუსრულებელია, ჯერ კიდევ 2016 წელს დაწყებული, ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების პლატფორმის (EU NIF) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ, ერთობლივად დაფინანსებული 70 მლნ ლარის ღირებულების ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული ობიექტის მშენებლობა - რომელიც ითვალისწინებს,  სათბური აირების  შეკრება / დამუშავების და ნაჟური წყლის გამწმენდი მაღალტექნოლოგიური სისტემების გამოყენებით,  6 სადგურის აღჭურვას. აქცენტი გადატანილი იქნება მოკლე ვადაში აღნიშნული ობიექტის მშენებლობის დასრულებაზე. 

პრიორიტეტი 4. კახეთში და სამეგრელო - ზემო სვანეთში მყარი ნარჩენების ობიექტის მშენებლობის დასრულება.

დღემდე დაუსრულებელია 2017 წელს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ  90 მლნ ლარით დაფინანსებული - კახეთში და სამეგრელო - ზემო სვანეთში მყარი ნარჩენების ობიექტის მშენებლობა, რომლის მიზანი კახეთში, და სამეგრელო - ზემო სვანეთში ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელი) მშენებლობაა, ნარჩენების გადამტირთავი სადგურების მოწყობა, არსებული ნაგავსაყრელების დახურვა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა. ცალსახაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტებს მიღებული აქვთ სათანადო სატრანსპორტო აღჭურვილობა, პროექტი დაუსრულებელია, შესაბამისად აქცენტი გადატანილი იქნება მოკლე ვადაში აღნიშნული ობიექტის მშენებლობის დასრულებაზე. 

პრიორიტეტი 5. თბილისში მყარი ნარჩენების ობიექტის მშენებლობის დასრულება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ 55 მლნ ლარით დაფინანსებული თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის, განხორციელება ჯერ კიდევ 2016 წელსაა დაწყებული, მხედველობაში თუ არ მივიღებთ ავტოპარკის განახლებას, პროექტი ჯერ კიდევ მიმდინარე სტადიაშია, რადგანაც, პროექტის განუყოფელი ელემენტები - ლიჩეტის სისტემის რეაბილიტაცია და რეცირკულაციის და გამორეცხვის სისტემების მოწყობა, ასევე ლიჩეტის შესანახი აუზისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა/განახლება ჩაშვებულიც არ არის.  მხოლოდ 2024 წლის ბოლოს მერიას ექნება პროექტი იმისთვის, რომ სამშენებლო სამუშაოები იქნეს დაწყებული, ყოველივე მიუთითებს იმაზე, რომ  8 წლის განმავლობაში პროექტი დაუსრულებელი - განხორციელების ფაზაშია, ბუნებრივია, თბილისელებისათვის ამ მნიშვნელოვანი პროექტის დასრულება უპირველეს ამოცანად იქნება მიჩნეული. 

პრიორიტეტი 6. ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების ობიექტის მშენებლობა

2015 წელს დაანონსდა და 2024 წელსაც არ დაწყებულა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ დაფინანსებული 30 მლნ ლარის ღირებულების ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი - რომელიც უნდა მოემსახუროს ქვემო ქართლის - თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის, ბოლნისის და დმანისის 5 მუნიციპალიტეტს და 200 000 მოსახლეს. ბუნებრივია, დაჩქარებული, ტემპით აქცენტი გადატანილი იქნება ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების ობიექტის მშენებლობა

გაზიფიცირების ინფარსტრუქტურაში:

პრიორიტეტი 1.  მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტის განხორციელება 

საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყნაა, რომელსაც არ გააჩნია გაზსაცავი - გაზსაცავის პროექტის განხორციელების დაპირება  ჯერ კიდევ 10 წლის უკან გასცა „ქართულმა ოცნებამ“, რაზედაც დონორებისაგან - გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW)  და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ, ერთობლივად - 750 მლნ ლარი იქნა მოზიდული. მაუხედავად დაპირებისა, სადღეისოდ  გაზსაცავის პროექტი არ დაწყებულა.  მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტი განხილული იქნება, როგორც პრიორიტეტული.  რომელშიც გათვალისწინებული იქნება 300 მლნ კუბურ მეტრი გაზსაცავის მშენებლობა, რაც 1.5 მილიარდი კილოვატ სთ ელექტროენერგიის ტოლფასია, კრიტიკულ (ზამთრის) პერიოდში გაზის თბოსადგურებში მიწოდებით გამორიცხავს, უცხოეთიდან, პირველ რიგში, რუსეთიდან, იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე მოთხოვნის საჭიროებას. გაზსაცავის ექსპლუატაციაში გაშვება უმოკლეს ვადაში ორ წელიწადში განხორციელდება. რაც დღევანდელი მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%- შეადგენს.

პრიორიტეტი 2. ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის გამართვა

ქვეყანაში ყველაზე მაღალი მოხმარების ენერგეტიკულ რესურსს  ბუნებრივი გაზი წარმოადგენს. პრიორიტეტულია  ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, დანაკარგების მინიმიზაცია და საყოფაცხოვრებო გამოყენების გაზის მიწოდების ქსელის  გაფართოება. განხორციელდება მაგისტრალური გაზსადენების სისტემის ძირითადი მონაკვეთებისა და განშტოებების რეაბილიტაცია - მოდერნიზაციის სამუშაოები. მოკლევადიან პერიოდში პრიორიტეტულად განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მიეკუთვნება აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის სრულად 700 მმ დიამეტრის მილებით დაკომპლექტება. გამოსაყოფია ხაშური-ზესტაფონის  70 კმ სიგრძის მონაკვეთი. პარალელურად,  სამხრეთის მიმართულების გაზსადენების სისტემის გამართვა, ასპინძა - ქოთელიას და ახალციხე - უდეს მონაკვეთების და მასთან დაკავშირებული გოდერძის უღელტეხილთან დამაკავშირებელი მაგისტრალური მილსადენი. გაზის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა ითვალისწინებს ინტერკონექტორების (შემკრავის), მათ შორის, ვალე - ვანისა და ტაბაწყური - ბაკურიანის მაგისტრალური მილსადენებისა და გაზის მიმღები ინფრასტრუქტურის მშენებლობას.

პრიორიტეტი 3.  მაღალმთიანი აჭარის ცენტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება

8 წლის უკან დაწყებული მაღალმთიანი აჭარის 110 კმ იანი ცენტრალური გაზსადენის მშენებლობა, ხულოდან - გოდერძის  ჩათვლით, “ქართული ოცნების” დაპირებით 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე დაუსრულებელია. პროექტის შეუსრულებლობის მიზეზს  ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების შეფერხება წარმოადგენს.  ვინაიდან გაზსადენი და საავტომობილო გზა ერთმანეთს მიუყვება, რადგანაც  ხულო - ზარზმის საავტომობილო გზა ვერ აშენდა, შეცერდა გაზსადენის მშენებლობაც. აჭარის გაზიფიცირების პროექტი მიჩნეული იქნება პრიორიტეტულად და აქცენტი გადატანილი იქნება დასრულებაზე.